თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათეული ახალი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მაჩვენებელი ასეულებში არ უნდა გადაიზარდოს.
„ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევების მატება გვაქვს, რომელიც შიდატურიზმთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს ძალიან მძიმე ტვირთად არ დააწვება. ამას სამედიცინო სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია, შემთხვევები ასეულობით არ დაგვეწყოს. გვჭირდება, არსებული მონაცემების, როგორმე შეკავება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების შესრულება აუცილებელია.
„შემთხვევების მატება დაავადების მეტად გავრცელების მანიშნებელია, რის გამოც ჩვენი თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს. თითოეული მოქალაქის, ჩემი, თქვენი, ჩვენი ახლობლების თავდაცვა რეგულაციების შესრულება გახლავთ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.