კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი – მძიმე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინ ქვეყანაში გახლდათ 3119 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 187 შემთხვევა და დღევანდელი რიცხვი 3306-ს აღწევს. ეს 187 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 116 – აჭარა, 30 – თბილისი, 15 – იმერეთი, 11- სამეგრელო-ზემო სვანეთი, 4 -გურია, 3 – კახეთი, 3 – შიდა ქართლი, 2 – ქვემო ქართლი, 2 – მცხეთა-მთიანეთი და 1 – სამცხე-ჯავახეთი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 46-ით. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 45-ს უდრის, ხოლო კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი – მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულები არ გვყავს და ჩვენთან მკურნალობს 35 პაციენტი. მათგან 1 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა მხოლოდ 3 მძიმე პაციენტი გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.