დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია.
„ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პანდემიის გავრცელებას იმის ფონზე, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატებაა და ახლა მეორე ტალღის ნიშნებს ვხედავთ. ჩვენ ამას ვხედავთ ევროპის მასშტაბით. ვფიქრობ, ეს გარდაუვალი იყო“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე ნაკლებად სურს მეორედ საყოველთაო კარანტინის დაწესება.
„მსურს, რომ ეკონომიკა ღია დარჩეს რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. გვსურს, რომ ბიზნესმა ფუნქციონირება განაგრძოს. ამის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება წესების დაცვაა“, – დასძინა ბორის ჯონსონმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 385 936 შემთხვევა გამოვლინდა, 41 732 ადამიანი კი გარდაიცვალა.