27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
სოხუმის დაცემა — ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.