ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს”, _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.