ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-ს განუცხადა.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჰარისმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მესამედით გაიზარდა.
„სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
მისი განმარტებით, ორგანიზაცია მომავალში ფატალური შემთხვევების მკვეთრ ზრდას არ ელოდება და ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი ის, რომ საავადმყოფოებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და უკეთ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება და მეორე, ბოლო დროს დაინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან და მათში დაავადების გართულება ნაკლებად მოსალოდნელია.
მარგარეტ ჰარისი აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა საფრანგეთზე, ესპანეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ნიდელანდებსა და რუსეთზე მოდის.