ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით.
„გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა.
_ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს, რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.
ჩვენ, ასევე, სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი.
_ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ გრძელდება. მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.