საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კვლავ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.
როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, ივანიშვილმა 2012 წელს ქვეყანა “ნეობოლშევიკური რეჟიმისგან” გაათავისუფლა.
“2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა, პირდაპირ ვიტყოდი, ნეობოლშევიკური რეჟიმისგან.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე. გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ვერ შეძლეს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს ზუსტად ისევ, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან”, _ თქვა ღარიბაშვილმა.