კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე გამოაცხადა მიღება ახალ სადოქტორო პროგრამაზე – მასობრივი კომუნიკაცია. დღევანდელი სამყარო მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე ტენდენციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ურთულესი გამოწვევაა სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ამ ტენდენციებში გარკვევა და სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზი კი კსუ-ს ახალი სადოქტორო პროგრამის მიზანია.
„მასობრივი კომუნიკაციის მთავარი გამოწვევა ინტერნეტის გაჩენის შემდეგ გახდა ის, რომ დღეს პოლიტიკოსებს, კომპანიებს, დიდ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაუყოვნებლივი და პირდაპირი უკუკავშირი მომხმარებლისგან თუ ამომრჩევლისგან, თუმცა ეს ერთდროულად არის თანამედროვეობის დადებითი და უარყოფითი მხარეც. ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოგონებამ და ვაჭრობის იკომერს-პლატფორმებზე გადატანამ საშუალება მისცა მომხმარებელს საკუთარი აზრი იქვე, მყისიერად დააფიქსიროს და წლობით ნაშენები კომუნიკაცია ერთ წამში დაანგრიოს. მკვლევრის მნიშვნელოვანი როლიც სწორედ აქ იკვეთება: შეისწავლოს, გააანალიზოს, გაიაზროს და სისტემატიზაცია მოახდინოს იმ ახალი იდეებისა და ტექნიკების, რასაც თანამედროვე მასობრივი კომუნიკაცია სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს სთავაზობს“, – აღნიშნავს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა კაჭარავა.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაზე მუშაობისას გათვალისწინებულია ამ სფეროში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების გამოცდილება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და არსებული თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა კი სრულ შესაძლებლობას ქმნის პროგრამამ მასობრივი კომუნიკაციის საერთაშორისო რანგის მკვლევრები მოამზადოს.
სადოქტორო პროგრამას, რომელსაც დოქტორანტი 3 წლის განმავლობაში დაეუფლება, აქტუალობას სძენს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების საჭიროების გათვალისწინება, სადაც მასკომუნიკაციის სადოქტორო ხარისხის მქონე პროფესორებისა და ლექტორების სიმცირე აღინიშნება. კსუ-ს სადოქტორო პროგრამა გარდა საერთაშორისო მიმართულებისა, რეგიონულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და მათი საერთაშორისო კვლევებისა და სწავლების კონტექსტში ჩართვაზე იქნება ორიენტირებული.
კომპლექსური ხასიათი თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის კვლევების პრიორიტეტული ნაწილია. ამ ასპექტს პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა და კვლევების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.
მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა მეცნიერ-მკვლევრებს დაგროვილი ცოდნის, ინოვაციური იდეების ეფექტურად გავრცელების, პრაქტიკაში დანერგვის უნარების გამომუშავების და სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობისას თანამედროვე მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამას ამ ეტაპზე 4-წლიანი აკრედიტაცია აქვს და მასკომუნიკაციის მომავალ დოქტორებს სიამოვნებით ელოდება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-საიტს: https://ciu.edu.ge/news/index/miReba-masobrivi-komunikaciis-sadoqtoro-programaze
(R)