გუშინ პეკინში მიმდინარე ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილმა იასპარეზა. ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადაზე ფინალურ სტადიაზე, სპორტულ ცეკვებში გამოვიდნენ.
მარიამ და გიორგიმ თავისუფალ პროგრამაში ჟიურისგან 97,25 ქულა დაიმსახურეს. მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კაზაკოვამ და რევიამ 164.33 ქულით, 20 ფინალისტს შორის მე-19 ადგილი დაიკავეს.
რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემამ „vseprosport.ru“ ერთგვარად სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ვებგვერდის მტკიცებით „ATP“-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო:
„ანონიმური წყაროსგან ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაციით (შესაბამისი დოკუმენტი რედაქციის განკარგულებაშია), „ITIA“ გამოიძიებს ბასილაშვილის მონაწილეობას გარიგებულ მატჩში, რომელიც 2016 წელს გაიმართა.” საინტერესოა რომ ეს „ნიუსი“ მოგვიანებით კიდევ რამდენიმე რუსულმა და ევროპულმა გამოცემამ გაავრცელა, მათ შორის „ESPN“-ის ესპანურენოვანმა ვებგვერდმა „espn.com.ar“-მაც.
გუშინ ამ განცხადებას ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოეხმაურა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს, პირველ რიგში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამასთან, სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ერთ-ერთი რუსული მედია-პლატფორმიდან. სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA).
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის გამარჯვებულიც გასულ წელს გახდა.”
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და წოდების დაცვას ამჟამადაც შეეცდება. მისი პირველი მეტოქის ვინაობა კი იტალიელი ლორენცო მუსეტისა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის გაირკვევა.
საქართველოს ეროვნული გუნდისა და ესპანური „ვალენსიას“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი კვლავ ამჟამინდელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. „ვალენსია“ სტუმრად ბასკურ „ალავესს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა – 1:2. ქართველმა კარგი თამაში ჩაატარა და გაშვებულ ბურთებში მისი დადანაშაულება არ შეიძლება.
მამარდაშვილის ასპარეზობას ესპანური მასმედიაც გამოეხმაურა.
„Plazadeportiva“ – „სამწუხაროა, რომ „ალავესთან“ შეხვედრაში „ვალენსიას“ საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გოლკიპერი გახლდათ. გაშვებული გოლებისას მას არაფრის გაკეთება შეეძლო და რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა“,
„AS” – „ქართველი მეკარის თამაში ნამდვილად აღსანიშნავია. ლუმის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა. ესკალანტეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ ლუმი იმ წამსვე იქ გაჩნდა და მამარდაშვილმა გუნდის გადარჩენა ვერ მოასწრო. ნახევარი საათის შემდეგ დუარტეს აჯობა. „ალავესს“ მეორე ტაიმში პენალტის გარდა კარში აღარ დაურტყამს და ხიფათი აღარ შეუქმნია“.
გერმანულმა მასმედიამ კი „ჰამბურგში“ საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძის ასპარეზობა შეაფასა. ბელგიური „გენტის“ ყოფილი მოთამაშე ამჟამად „ჰამბურგში“ ირიცხება და ახალი გუნდის რიგებში უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა.
„Mopo.de“ – „სახლის პრემიერამ მეტის მოლოდინიც გააჩინა. ზამთარში შეძენილმა გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ მშობლიურ „ფოლკპარკშტადიონზე“ პირველად ითამაშა, „ჰაიდენჰაიმთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში. ქართველმა რამდენიმე ეპიზოდში გვაჩვენა თუ რა შეუძლია და სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
ჩაკვეტაძემ, რომელიც „ჰამბურგში“ იანვრის ბოლოს „გენტიდან“ იჯარის წესით გადავიდა, გასულ კვირას დარმშტადტში მოგებულ მატჩში (5:0) 12 წუთი ითამაშა. „ჰაიდენჰაიმთან“ მისი სათამაშო დრო გაორმაგდა. ჩაკვეტაძე მოედანზე ფარიდე ალიდუს ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. ქართველი ნახევარმცველი თამაშში აქტიურად ჩაერთო. მას ბურთთან კონტაქტი 26-ჯერ ჰქონდა, მისი გადაცემების უმეტესობა თანაგუნდელებმა მიიღეს. გადაცემების 88% ზუსტი იყო და ორთაბრძოლების 88% მოიგო. ეს ძალიან ღირსეული საშინაო დებიუტი გახლდათ.
„გიორგის აშკარად აქვს პოტენციალი და ამას კიდევ აჩვენებს. თუმცა, ჯერ გუნდთან ადაპტაცია სჭირდება და საკუთარი თავი უნდა იპოვოს“, – აღნიშნა „ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა.
ჩაკვეტაძეს დრო დასჭირდება ყველა პროცესთან შესაგუებლად და გასაცნობად. თუმცა, დასაწყისი მისთვის წარმატებულია. თუ ასე გააგრძელებს, არა მარტო „ჰამბურგის“ გულშემატკივრები ისიამოვნებენ.“
[sexy_author_bio]