პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა 12 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 3 პატრულ-ინსპექტორის ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„პარლამენტის სახელით მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს, ახლობლებს და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს დანაკარგი და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული პოლიციელების ხსოვნას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიუსამძიმრა, რომელიც „მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგა.
„მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 12 მარტს რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მათ დღეს იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ. ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომელის დაკარგვა ჩვენთვის. ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა თითოეული ჩვენთაგანისთვის”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.