იმისთვის, რომ დაემსგავსოთ ვარსკვლავებს, სულაც არ არის აუცილებელი, გყავდეთ პირადი კოსმეტოლოგი და ვიზაჟისტი, უბრალოდ, გაეცანით მათ რეცეპტებს და გამოსცადეთ ისინი საკუთარ თავზე – არ არის გამორიცხული, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.
გვინეტ პელტროუ: „მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი თავი!
10 წელიწადზე მეტია, გვინეტი მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით იკვებება; ასევე, ნატურალურ პროდუქტებს იყენებს ის სხეულისა და, საერთოდ, გარეგნობის მოსავლელად.
ახალდაფქული ყავით, ზეითუნის ზეთითა და ლერწმის შაქრით ის ამზადებს სკრაბს სხეულისთვის; კანის დატენიანებაში მას ეხმარება ქოქოსის ზეთი; ტონიკის ნაცვლად კი ისვამს ალოეს წვენს და, კიდევ, ყველა ქალს ურჩევს, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი – „მაშინ, სარკეში ჩახედვისას, თქვენი მზერა დაინახავს მხოლოდ ღირსებებს და არა ნაკლს“.
ჯენიფერ ენისტონი: „ღიმილი არ აბერებს“
მსახიობი არ მალავს, რომ რეგულარულად დადის კოსმეტოლოგთან. მისი საყვარელი პროცედურა ქიმიური პილინგია, რომელსაც იგი შემოდგომასა და გაზაფხულზე იკეთებს, მაგრამ, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – ის სახლშიც რეგულარულად უვლის თავს, მაგალითად, ყოველ საღამოს იკეთებს ქუთუთოებზე რძის კომპრესებს დაღლილობის მოსახსნელად: თბილ რძეში დასველებულ ბამბის „დისკებს“ 15 წუთის განმავლობაში იდებს ქუთუთოებზე. შემდეგ ოდნავ ინამავს სახეს სველი ხელსახოცით და ბამბიანი ჩხირით ისვამს არგანის ზეთს.
რაც შეეხება კვებას, ჯენიფერი ცდილობს, მიირთვას დაბალკალორიული პროდუქტები, ერიდება საღამოს ჭამას, სვამს ბევრ წყალს და ინტენსიურად ვარჯიშობს.
„და, არ დაგავიწყდეთ: ღიმილი ძალიან გვალამაზებს“, – ურჩევს ის ქალებს.
ავტორი