უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინამ აზოვსტალის 144 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.
,,ტყვეების მორიგი გაცვლა გაიმართა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან. 144 გათავისუფლებულიდან – “აზოვსტალის” 95 მცველი. მათ შორისაა აზოვის პოლკის 43 ჯარისკაცი.“- წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ჯამში ეროვნული გვარდიის 59 ჯარისკაცი, საზღვაო ძალების 30 პირი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 28 მებრძოლი, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 17 წევრი გაათავისუფლა.
მათგან 23 ოფიცერი და 69 სერჟანტი და უფროსი პერსონალი. გაშვებულთა შორის ყველაზე უფროსი 65 წლის გახდა, ყველაზე უმცროსი კი 19 წლის.
გათავისუფლებული უკრაინელების უმეტესობას მძიმე დაზიანებები აქვთ: ცეცხლსასროლი და ფრაგმენტული ჭრილობები, ფეთქებადი დაზიანებები, დამწვრობა, მოტეხილობები, კიდურების ამპუტაციები. ისინი ყველა იღებენ სათანადო გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
,,საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას ყველა ტყვე მცველის დასაბრუნებლად.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის 17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, “ნაცისტი კრიმინალები” არ უნდა გაცვალონ. ასევე, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აზოვსტალის მცველებს დაკითხავენ. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.
ავტორი