ნიუ ჰოსპიტალის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. ექიმის თქმით, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.
“ჩვენთან ამ წუთისთვის ჩატარებულია გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან 24 საათიც არ გასულა შემთხვევის მომენტიდან და ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. მიდის 24-საათიანი მონიტორინგი სასიცოცხლო ფუნქციების და ა.შ.
პირველი 24 საათია ყველაზე რთული პერიოდი. 72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე სედაციის ქვეშ არის და იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე”,- ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.