საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი -კომერციული მიზნით გაქირავებისას, მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად 20 პროცენტისა. ხუთი პროცენტით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი -კომერციული ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც.
„კანონპროექტი შეამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი იქნება. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზეც”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მან კომიტეტს ასევე წარუდგინა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შესახებ მეორე კანონპროექტი.
პროექტით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარი იზრდება 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე, რაც, მომხსენებლის განმარტებით, საშუალებას მისცემს დასაბეგრ პირებს ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახადო პირობებით.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტებს.