„ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების რეალურ საფუძველს”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე არის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ „იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც სასამართლოს წინააღმდეგ NGO- სექტორის რიგი წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები მიმართავენ”.
„კატეგორიულები ვართ ჩვენ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მოეხსნათ მათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს საქართველოში, ამ ფაქტით მანიპულირებით უფლება”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.
“პუბლიკა”