„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რითაც გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან კრიტიკული აზრის დევნისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც თავისუფალი სიტყვისა და აზრის სრულად ჩახშობა და განადგურებაა. მაუწყებელში ხელისულების ამგვარი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები არხის დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე არიან. მსგავსი პოლიტიკა უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მაუწყებლისადმი საზოგადოების ნდობას, რომლის უპირველესი ვალდებულებაც სწორედ პროცესების მიუკერძოებელი ასახვა და მაყურებლის ჯეროვანი ინფორმირებაა, რასაც მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს და რისი მოთხოვნითაც არხის შენობასთან უკვე 5 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს”,_ აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”.


































































