გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე სავარაუდო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
თოლორაია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ დააკავებენ, რომ შემთხვევა თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო. თუმცა, მისივე თქმით, ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევათ იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართ ძალადობაც კადრში არ მოხვედრილა.
„რა თქმა უნდა, ამ პოლიციელებს დააკავებენ, იმიტომ, რომ ვიღაცამ მოახერხა და გადაიღო — დღისით, მზისით, სადაც სახე ყველას უჩანს. ვინც ვერ მოასწრო და გადაიღო? ვისაც არავინ შეესწრო, იმ მოქალაქეებს ვინ დაიცავს? საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა, ზუსტად ასეთი საქმეები იყო — ვიღაცამ გადაიღო ან ვიღაც მოკვდა. აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს?“ — წერს თოლორაია.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელთა სამხრე კამერების მუშაობის საეჭვო პრაქტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ უწყება პირველი უნდა იყოს დაინტერესებული სისტემის მსგავსი კადრებისგან გაწმენდით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქმის ყოველთვის ‘გაფუჭებული’ იყო ვიდეოკამერები, როცა ეს პოლიციელთა მიერ ჩადენილი ძალადობის გამოსაძიებლად გვჭირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ‘მუშაობდა’, როცა მათ სჭირდებოდათ. პირველი ეს უწყება უნდა ამბობდეს, რომ მე ასეთი პოლიციელი სისტემაში არ მინდა!“
ლონდა თოლორაია ასევე ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს ერთ-ერთ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა და განმარტავს, რომ ეს კანონით ისჯება და არა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობით:
„თან განა რამე განსაკუთრებული დააშავა. “ცივი იარაღი'”ჰქონდაო, რაც ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არა ანგარიშსწორებით“, — აცხადებს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი.
































































