თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. იმავე წლის 29 სექტემბერს, ისინი ანგარიშსწორების მიზნით თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან მივიდნენ, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება, თუმცა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა მაშინ ვერ შეძლეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გეგმა 2025 წლის 1 ოქტომბერს განახორციელეს. ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც იგი 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დადგინდა ისიც, რომ ბრალდებულმა ანი ნასყიდაშვილმა იცოდა მომზადებული და ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცავებს არ შეატყობინა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება), რაც სასჯელის სახედ 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანი ნასყიდაშვილი კი დამნაშავედ იქნა ცნობილი 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ საბოლოო სასჯელს 2026 წლის 2 ივნისის სხდომაზე დაანონსებს.


































































