“დინამო არენაზე”, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
მატჩის, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების წევრებმა, გიორგი გაგუამ და საბა ხვადაგიანმა ვერ შეძლეს გატანა და საქართველოს ნაკრები ტიტულისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ასეთი დამარცხების შემდეგ ფეხბურთელების ემოციური მდგომარეობა მძიმე იყო, განსაკუთრებით კი იმ ბიჭების, რომლებმაც 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულეს.
მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პოსტები და დრამატულ მატჩზე ისაუბრეს.
საბა ხვადაგიანი:
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბიჭებს და მთლიანად სტაფს, გუნდს, მათ ძალიან ბევრი გააკეთეს, მადლობა ამისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებთანაც წარმოუდგენელი დღეები გავატარეთ. მაგრები ხართ, თქვენ გარეშე და ჩვენი ერთიანობის გარეშე ამდენს ვერ გავაკეთებდით.
ბოდიშს ვუხდი ჩემს ბიჭებს და ხალხს, დღეს ყველაზე რთული დღე მაქვს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას”.
ambebi.ge