სტრუქტურული რეორგანიზაციის მოლოდინშია ჩოხატაურის მერია. საკითხის განხილვა-დამტკიცება 24 ივლისს გასამართ საკრებულოს სხდომაზეა ჩანიშნული.
მანამდე კი ჩოხატაურის მერიაში თემასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ „დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ პროცესის სრულად დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.
თუმცა, თუ ახალი საშტატო ნუსხით ვიმსჯელებთ, რომლის დოკუმენტიც უწყების ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, ჩოხატაურის მერიაში სეკვესტრში მოხვდა ზედამხედველობის სამსახური.
პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერის, ბაჩო ახალაძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაწყებული „სტრუქტურული რეორგანიზაცია“ ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

„როცა მსგავსი პროცესი ტარდება, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ეფექტიანობის ზრდა და ბიუჯეტის რაციონალური გამოყენება. თუმცა, დღეს საზოგადოებას არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ რეალური მიზანი სწორედ ეს არის.
სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში წლების განმავლობაში შტატები მნიშვნელოვნად გადაივსო მმართველი პარტიის აქტივისტებით. არაერთ შემთხვევაში ადამიანები ხელფასს ისე იღებენ, რომ სამსახურში მათი ყოფნა და რეალური საქმიანობა საზოგადოებისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
მაგრამ ამავე დროს, არ შეიძლება ერთი საზომით შევაფასოთ ყველა. მერიასა და მის დაქვემდებარებულ სამსახურებში მუშაობენ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებიც, რომლებიც წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მიუხედავად იმისა, რომ ღიად აკრიტიკებენ მმართველ გუნდს.
სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ყველაზე დიდი რისკის წინაშე, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული.
რეორგანიზაცია არ უნდა იქცეს განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეების დასასჯელ მექანიზმად. სახელმწიფო სამსახური არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას _ ის მოქალაქეებს ეკუთვნით. ამიტომ ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და კანონს და არა პოლიტიკურ ლოიალობას.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და საზოგადოებას გავაცნობთ ყველა იმ ფაქტს, თუ რეორგანიზაცია გასცდება კანონის ჩარჩოებს და პოლიტიკური რეპრესიების ხასიათს მიიღებს. ჩოხატაურის მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს, ემსახურება ეს პროცესი მუნიციპალიტეტის განვითარებას თუ მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების დაცვას“, _ ამბობს ახალაძე „გურია ნიუსთან“ კომენტარში.





































































