დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება „ქართული ოცნების” მიერ გაჟღერებულ ინიციატივას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას, რომლის ერთადერთი დანიშნულება რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირებით ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა შეიძლება იყოს.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების” ულტრაკონსერვატიული მიმართულებით მკვეთრი შემობრუნების კვალდაკვალ, ხელისუფლების რიტორიკაში გაძლიერდა რელიგიურ-ეროვნულ სენტიმენტებზე აპელირება, რითაც მმართველმა პარტიამ მთლიანად დაიკავა მკვეთრად პრორუსული ულტრამემარჯვენე ფლანგის ნიშა.
მკვეთრად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მსგავსად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ფოკუსში მოაქცია ისეთი თემები, როგორებიცაა: ფსევდო რელიგიური ღირებულებები, ოჯახის ინსტიტუტი, გენდერული და სექსუალური იდენტობის საკითხები.
2024 წლის საარჩევნო ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობამ, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ფართო მასშტაბი მიიღო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსენსუსის მიღწევა, აღნიშნული საკითხი მაინც წარმოადგენს ცალსახად საშიშ და დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელ ინიციატივას. დემოკრატიის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს წინასაარჩევნო სპეკულაციას, რომელიც რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირებით ცდილობს საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის მოხდენას”,_ აცხადებს დემოკრატიის კვლევის ცენტრი.