უწყვეტი პროტესტი გრძელდება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, პროტესტის 107-ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ.
“გურია ნიუსი” დღეს ქუთაისში, მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
აქციაზე შეკრებილებმა გვითხრეს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და იმედი აქვთ, დადგება დღე, როცა ახალი არჩევნები დაინიშნება და პროტესტის გამოხატვის გამო უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებიც გათავისუფლდებიან.
_დადებითი მოლოდინები მაქვს. ხალხის მოთხოვნაა ახალი არჩევნები და ამ პროტესტის გამო დაჭერილი ბიჭების გათავისუფლება. მეც ამ მოთხოვნით ვიმყოფები აქციაზე პროტესტის გამოსახატად,_ გვეუბნება აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ქუთაისის მერიის შენობასთან აქციაზე მყოფი ქალბატონი, გულიკო ბენაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ უწყვეტი პროტესტის შედეგია ის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ხედავს ევროპა.
“100 დღეზე მეტი გავიდა რაც ახალგაზრდები და შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები ქუჩაში ვდგავართ. ჩვენი პროტესტი ამხნევებს და იმედს მატებს დაჭერილ 50- ამდე ადამიანს და მათ შორის ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომლებიც მართლა ამ აქციების ფონზე არიან დაჭერილები. ურწმუნო თომებს ჰგონიათ, რომ ამ ჩვენი გარეთ დგომით არაფერი არ იცვლება, ამ ქუჩაში სტაბილურმა დგომამ გამოიწვია ის, რომ ცივილიზებული სამყარო გვხედავს. ევროპამ 2020-ში გვაპატია ჩვენი შეცდომები და აღიარა ეს მთავრობა, მაგრამ ახლა უკვე აღარ. ამ უწყვეტმა პროტესტმა ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ეს საზოგადოება ასე მარტივად აღარ დაიშლება, ეს სამოქალაქო საზოგადოება არავის აღარ აპატიებს სახელმწიფოს ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგება დღე, როცა ბოლოსდაბოლოს დაინიშნება ახალი არჩევნები და გათავისუფლდებიან აქციებზე დაკავებულები”,_ამბობს გულიკო ბენაშვილი.
ავტორი