დადგა და კითხვის ტესტი ჩააბარა – არასასურველი რეაქცია იქნება, რადგან წერილში ნიშნის მოგების ელემენტია კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფორმას, თუნდაც ფორმალური პრემიერ-მინისტრი, როდესაც ბრიფინგზე ვრცელ წერილს კითხულობს, წარმოუდგენელი ფენომენია. ბრიფინგზე წერილს ვინ კითხულობს? – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთვისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომელშიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, წარმოუდგენელი ფენომენია, როდესაც ირაკლი კობახიძე წერილის დასაწყისში, საქართველოსთან ბრიუსელის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტილ ურთიერთობაზე საუბრობდა, მაშინ, როცა ურთიერთობები „ცალმხრივად თავად შეწყვიტა“.
„არ ვიცი, რა ფენომენია, თავად ფორმა – თუნდაც ფორმალური პრემიერ-მინისტრი, როდესაც ბრიფინგზე ვრცელ წერილს კითხულობს, წარმოუდგენელი ფენომენია. ბრიფინგზე წერილს ვინ კითხულობს? გამოაქვეყნე წერილი და წავიკითხავთ და თუ რაიმეზე გაქვს განმარტებები გასაკეთებელი, შემდეგ გააკეთე. დადგა და კითხვის ტესტი ჩააბარა. არასასურველი რეაქცია იქნება, რადგან წერილში ნიშნის მოგების ელემენტია კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კობახიძე ამბობს, რომ „დღეს მზად ვართ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“ ამ დროს, კი ევროკავშირს თანაცხოვრების წესები აქვს და გვითხრა, რომ ეს ჩემი წესებია და თუ ამ წესებით ითამაშებ, მაშინ მიგიღებთო, რის შემდეგაც შესაბამისი პირობების ჩამონათვალი წამოგვიყენეს. ევროკავშირს არასოდეს წამოუყენებია არც ერთი პირობა, არც LGBTQ თემის, არც ტრადიციების წართმევაზე, რაზეც პროპაგანდა მუდმივად აპელირებს. „კაკებეშნიკური“, გადმოკოპირებული პროპაგანდაა. 12 მოთხოვნაში არცერთი არ წერია, რაზეც პროპაგანდა აპელირებს. მათ [ხელისუფლებამ] არათუ ეს მოთხოვნები შეასრულა, არამედ კიდევ 10 მოთხოვნა დაამატეს.
[რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ახერხებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში ევროპისა და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას] გარკვეულ სეგმენტზე ახერხებს, რადგან პროპაგანდის რესურსი არის ძალიან დიდი. პროპაგანდის მატრიცა მორგებულია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ინფორმაციის გაანალიზების დრო არ აქვთ, მაგრამ კონტრ-პროპაგანდა ვერ არის სათანადო დონეზე. აქ სერიოზული როლი აქვს ოპოზიციის ადეკვატურობასაც, მათზეც არის პასუხისმგებლობა, რადგან მათ ვერ მოახერხეს იმ ტიპის კამპანიის შექმნა, რომ ადამიანები ზომბირების მდგომარეობიდან გამოიყვანონ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტოლოგმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლის ძირითადი ფუნქციაც, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. ხუხაშვილის თქმით, ის ამ ინიციატივის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ამ ინსტიტუციის ქვეშ ყველა მხარე მოექცევა.




































































