ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი „ძალიან მაღალ ფასს“ გადაიხდის ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის. აღნიშნული განცხადება ნეთანიაჰუმ ბატ იამში, საცხოვრებელ კორპუსზე დილით ადრე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილის მონახულებისას განაცხადა, სადაც ისრაელის ექვსი მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
„ირანს ძვირი დაუჯდება მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების – მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ არაბულ ქალაქ ტამრაში.
„ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ – ბრძოლაში, რომელიც ახლა ისრაელის ყველა მოქალაქისთვის ნათელია. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ირანს რომ 20 000 ასეთი რაკეტა ჰქონოდა — არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი… და ამას ძალით ვაკეთებთ. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, -განაცხადა მან.
„მთელი ისრაელის ხალხის სახელით, გამოვხატავ მწუხარებას აქ მომხდარი მსხვერპლის გამო“, – აგრძელებს პრემიერ-მინისტრი და მოუწოდებს ისრაელის მოქალაქეებს, რომ სარაკეტო თავდასხმების დროს ყურადღება მიაქციონ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს.
” დაიცავით თქვენი სიცოცხლე — და ერთად, ღვთის დახმარებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, – მიმართავს ნეთანიაჰუ ისრაელის საზოგადოებას.