გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებას რეგიონებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი რომან კალანდაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევების მხილებაში გადამწყვეტ როლს სწორედ ვიდეომტკიცებულებები თამაშობს, რადგან საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე, სისტემა ჩადენილ დანაშაულებს წარმატებით მალავს.
— ბატონო რომან, გორში პოლიციელების მხრიდან დაკავებულ მოქალაქეზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტი ვიდეოკადრებმა გამოააშკარავა. როგორ აფასებთ მომხდარს, არის თუ არა გურიაშიც მსგავსი რისკები და რამდენად დაცულია ადგილობრივი მოქალაქე პოლიციის მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან?
— რაც კადრებში ვნახე, ეს არაფერში ჯდება და უნდა დაისაჯოს ყველა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არის თუ არა გურიაში მსგავსი რაღაცები — არ მსმენია, რომ მომხდარიყოს, მაგრამ რომ არა კადრები, მაგასაც ვერ გავიგებდით, თუ მოხდა. ამიტომ საჭიროა მოქალაქეების ჩართულობა, თუ ხდება, უნდა მიმართოს მოქალაქემ ან ტელევიზიას, ან სამართალდამცავ სტრუქტურებს.
ინფორმაციისთვის, დღეს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები გორიდან, სადაც ასახულია, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელთა ჯგუფი დაკავებულ ახალგაზრდას და ფაქტის შემსწრე თვითმხილველს. აღნიშნულ შემთხვევაზე პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების მუხლით დაიწყო. საქმის მონიტორინგის პირობა სახალხო დამცველმაც დადო.
































































