ზაფხულის პირველი თვე მიიწურა და ამინდის ტემპერატურის უცნაურ კლება-მატებასთან ერთად, გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, ხილისა და ბოსტნეულის ფასები იკლებს და იმატებს.
განსაკუთრებით ძვირია ბალი, მოცვი, გარგარი, მილევად მდგომარეობაში მყოფი მარწყვი.
ადგილობრივი მომხმარებლები ხშირად წუწუნებენ ახალი ბოსტნეულისა და ხილის ძალიან მაღალ ფასზე.
_ ერთი კილოგრამი ბალი თუ მოცვი რომ 15 ლარი ეღირება, მეტიც იყო ათი დღის წინ, ადამიანმა „პირი რაფერ უნდა გეისოლო“? მარა რაცაა, ისევე ბოსტნეულს ვიყიდი და ბალს და მოცვს არ შევჭამ, მოვითმენ. ხილეულის სიძვირე მირჩევნია ბოსტნეულისას.
ბავშვებს მაინც ხომ უყიდო ცოტა, მაგრამ რამდენი ცალი? სამი კაკალი? აბა, ერთი კილოგრამი ბალი 15 ლარი ღირს… _ დილაადრიან საუბრობდნენ ოზურგეთის ბაზარში სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის საყიდლად გამოსული ოზურგეთელი ქალბატონები, იზა ქავთარაძე და ნონა მუჯირი.
მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივ ხილის თუ ბოსტნეულის შემოსვლას ხელს ამინდის უცნაური დღეღამური ცვლილებაც უშლის, როცა ხან 14-15 გრადუსით იკლებს ღამით ტემპერატურა.
ახლა ოზურგეთში ერთი კილოგრამი ბალის და მოცვის ფასი 10-15 ლარს შორის მერყეობს.
გაიაფებულია ახალი კარტოფილი: (ერთი კილოგრამის საწყისი ფასი 80 თეთრიც არის), კიტრი (ერთი ლარი ღირს ერთი კილოგრამი), პომიდორი (2,50 ლარი), ხოლო ბადრიჯანი სამი ლარი ღირს ერთი კილოგრამი.
ავტორი





































































