ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2023 წლიდან მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის, მედეა ობოლაძის თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.
„ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. გვპირდებიან, რომ სრული რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება და სექტემბერში სასწავლო პროცესი ნარუჯის საჯარო სკოლაში განახლდება“, — განუცხადა „გურია ნიუსს“ მედეა ობოლაძემ.
„გურია ნიუსის“ არქივის მიხედვით, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში გადიოდნენ.
პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სკოლის ტერიტორიაზე სამუშაო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებს შპს „ქრეათივ იმფრეშენს კავკასუსი“ (იგივე „სი აი სი ჯგუფი“) ახორციელებს, ხოლო დამკვეთი სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 501 300 ლარს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, ნარუჯის საჯარო სკოლაში 250 მოსწავლეა რეგისტრირებული და 30 პედაგოგია დასაქმებული.
































































