ორი დღეა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ და მისმა ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ამჟამად მერის მოვალეობას მისი ყოფილი პირველი მოადგილე, ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბექა ჩხიკვიშვილის ერთ-ერთი მოადგილე გია ანთაძე იქნება, რომელიც ამ ეტაპზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა. თუმცა, „გურია ნიუსთან“ საუბარში ანთაძემ ეს ინფორმაცია უარყო.
აქვს თუ არა მერის მოვალეობის შემსრულებელს მოადგილეების დანიშვნის უფლება? „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი მაგდა პოპიაშვილი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ბექა ჩხიკვიშვილს ამის უფლებამოსილება აქვს.
პოპიაშვილის თქმით, კანონის თანახმად, მერის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე ასრულებს.
„თუ პირველი მოადგილე არ ჰყავს, მაშინ — მოადგილე. თუ არც ერთი მოადგილე არ არის, მაშინ მერის ფუნქციებს საკრებულოს თავმჯდომარე ითავსებს. ოზურგეთის შემთხვევაში, ვინაიდან პირველი მოადგილე ადგილზეა, ახალი მერის არჩევამდე მოვალეობას ის შეასრულებს“, — აღნიშნავს მაგდა პოპიაშვილი.
(ვრცელი ინტერვიუ მაგდა პოპიაშვილთან იხილეთ ბმულზე).




































































