ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, დიდი საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას მიერ პოსტიდან წასვლის შემდეგ, თანამდებობა მისმა რამდენიმე კადრმა დატოვა.
თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, როდის უნდა დაინიშნოს მერის ახალი არჩევნები _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსის“ შეკითხვებს „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი მაგდა პოპიაშვილი პასუხობს:
_ მერის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე. თუ და თუ პირველი მოადგილე არ ჰყავს, მაშინ მოადგილე; თუ არც ერთი მოადგილე არ არსებობს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე ითავსებს მერის ფუნქციას. ოზურგეთის შემთხვევაში, ვინაიდან მოადგილე ადგილზეა, მერის მოვალეობას ის შეასრულებს ახალი მერის არჩევამდე.
_ და როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები?
_ ახალი მერის არჩევა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ აპრილში მოხდება. კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს ორი დათქმა _ თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში ტარდება, მაგრამ თუ 15 ივნისიდან 15 იანვრამდე, მაშინ _ აპრილში. რადგან ოზურგეთის მერს აგვისტოში შეუწყდება უფლებამოსილება, ეს ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები ოზურგეთში აპრილში ჩატარდება და მოქალაქეები ახალ მერს აირჩევენ.
კანონით, ახლად არჩეული მერი უფლებამოსილებას მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებამდე განახორციელებს, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ვინ სადამდე იფუნქციონირებს, არავინ ვიცით, რადგან ამ ქვეყანაში მერების ვადაზე ადრე გადადგომა ახალი არ არის და ამ მხრივ არც ოზურგეთი გამხდარა გამონაკლისი.
როგორც ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად შიდა დაპირისპირება დასახელდა. 2017 წლიდან არაერთი მერი გადადგა ასე, „საკუთარი ინიციატივით“, მაგრამ შიდა დაპირისპირება მიზეზად არავის დაუსახელებია _ ამ მხრივ სიახლე გვაქვს. აქამდე ერთადერთხელ, როცა ჭითაურის მერი გადადგა, მან თქვა, რომ უთანხმოება ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ჰქონდა, მაგრამ საკრებულოს წევრები დამიპირისპირდნენ და ამიტომ წავედიო, ეს ჯერ არავის უთქვამს.
_ „საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე“ _ ეს არის ციტატა კუნჭულიას განცხადებიდან. გამოდის, რომ გადადგომის ერთ–ერთ მიზეზი მედიის კრიტიკაც ყოფილა.
_ ამ მიზეზს აუცილებლად იტყოდა, რა თქმა უნდა. _აბა, პარტიულ ტრენდს ხომ არ ჩამორჩებოდა? მედიას უნდა დაბრალდეს, რომ აი, „აგენტურულმა“ მედიასაშუალებებმა აიძულეს მერს გადადგომა.
ის, რომ მედია მერს ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს აკრიტიკებს, ბუნებრივი მოვლენაა და ეს ასეც უნდა იყოს. აბა, მათი პროპაგანდისტული მედიასაშუალებებივით უნდა იქცეოდეს დამოუკიდებელი მედია?
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაც მოხდა, რეალურად „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირების შედეგია და სხვა არაფერი.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ყოფილ მერსა და საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება იყო. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი მერად ისე მოვიდა და წავიდა, რომ თვითმმართველობის კოდექსი, როგორც ჩანს, არ წაუკითხავს. არ გაუგია, რომ საკრებულო მაკონტროლებელი ორგანოა და თუ ვინმე მას აკრიტიკებდა, ეს ბუნებრივი ამბავი უნდა ყოფილიყო _ ამისთვის არსებობს საკრებულო. მაგრამ რეალურად, როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი საკრებულოსა და მერის ურთიერთობას სცილდებოდა და მერის გადადგომა პარტიის ფორმალურ თუ არაფორმალურ ლიდერებს შორის დაპირისპირების შედეგია.
_ ოპიზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის რაც გუშინ მოხდა ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების შეურაცხყოფა იყო.
_ ამ შემთხვევაში ვეთანხმები ოპოზიციას _ ეს ნამდვილად არის იმ ამომრჩევლის უპატივცემულობა, რომელმაც ერთი წლის წინ პაატა კუნჭულიას მისცა ხმა. პრობლემა ის არის, რომ ეს მერები რეალურად არა საკუთარი ავტორიტეტით იგებენ არჩევნებს, არამედ პარტიული ვერტიკალის წყალობით, ანუ მმართველი პარტიის ბენეფიტებით, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ეს მერე მათ საქმიანობაზეც აისახება ხოლმე _ მოქალაქე ხდება მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანი, ვისაც ანგარიშს უწევენ, არის ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ვინც მერის პოსტზე მას ნდობა გამოუცხადა.
მრავალი წელია, ჩვენ ეს პრობლემა გვიდგას, პრაქტიკულად, ყველა ხელისუფლების პირობებში. სამწუხაროდ, ეს პრობლემა 2014 წლის შემდეგაც პრობლემად დარჩა, ანუ მას შემდეგ, რაც მერებს პირდაპირი არჩევნების გზით მოსახლეობა ირჩევს. ზოგადად, ცენტრალიზებული მმართველობა არის მთავარი პრობლემა. სწორედ ცენტრალიზებული მმართველობის გამოა, რომ მერები ანგარიშვალდებულად თავს არა მოქალაქეების, არამედ პარტიის წინაშე მიიჩნევენ, იმიტომ, რომ იციან, პარტიის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტით, ისინი მერები ვერ გახდებოდნენ. ამიტომაც არ სცემენ ამომრჩეველს პატივს _ ამომრჩეველი მათთვის არავინ არის.
ავტორი




































































