მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მცხოვრებ 90 წლამდე მარგო ბებოს, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული, სოციალური მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური 30-ლარიანი ფულადი შემწეობა შეუწყვიტა, _ ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოხუცის მეზობლად მცხოვრები მოქალაქე ავრცელებს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სოციალური აგენტის მიერ ოჯახის ყოფითი პირობების ადგილზე გადამოწმება. პოსტის ავტორი დეტალურად აღწერს იმ პროცესს, თუ როგორ მოხდა დეკლარაციის შევსება: „ალბათ, ჩემზე კარგად ის „ადამიანი“ აღწერს მას, რომელიც, როგორც მითხრეს, 1 საათის განმავლობაში იჯდა იმ ოთახის შუაში, სადაც უკიდურესი სიღარიბე აკაკუნებდა ყველა კარიდან, 1 საათი უყურებდა ბებოს, რომელიც იმასაც კი ვერ უშვებდა გონებაში, რა გადაწყვეტილებას იღებდა შარვალ-კოსტუმიანი „ადამიანი“. ბებოს მოუხსნეს 30-ლარიანი სოციალური დახმარება,“ _ აცხადებს მოქალაქე. ადგილობრივი მცხოვრებლები ხაზს უსვამენ მოხუცის კრიტიკულ ფინანსურ მდგომარეობას და მაგალითად მისი ყოველთვიური კომუნალური ხარჯები მოჰყავთ:
„ადამიანს, რომელიც დენის გადასახადს 2 ან 3 ლარს იხდის თვეში და თუკი, 3 ლარს გადასცდება, წუხს, რომ სხვა საჭიროებებისთვის აღარ ეყოფა ფული, ასეთ ადამიანს მოუხსნეს ეს „დახმარება“. არ იმსახურებდა, ალბათ, იმიტომ, რომ ერთი გარე ნათურის გარდა, შიგნითაც აუნთია…“ მიმართვის ავტორი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ საწოლს მიჯაჭვული მოხუცის ბედით, ხელახლა შეისწავლონ საქმის გარემოებები და აღუდგინონ კუთვნილი სახელმწიფო შეღავათი:
„ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არის, ვერც მოძებნი, რადგან რომ ეძებო, სადღაც ხომ უნდა იყოს. თუკი, არაფრის გეშინიათ, იმ თვალებისა და ცრემლების გეშინოდეთ, რომელიც ახლა, ამ წუთას ბებოს ჩამოსდის სახეზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ოფიციალური განმარტება, თუ რა გახდა სოციალური სტატუსის შეცვლისა და დახმარების შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
































































