აღსანიშნავია, რომ ამ შენობაში 2025 წლის ივნისამდე NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი მდებარეობდა. სწორედ იმ პერიოდში ორივე ცენტრი რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
ქონების ეროვნული სააგენტომ აღნიშნული შენობა აუქციონზე გასაყიდად 2025 წლის 30 ივლისს გამოტანა, რომელიც 13 აგვისტოს დასრულდა. შენობის საწყისი ღირებულება 14 080 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი 10 000 ლარი, საბოლოოდ კი 34 810 000 ლარად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ობიექტი თბილისში, შალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1-ში მდებარეობს და მოიცავს 478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ქონების საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტი (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) აამოქმედოს
“ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება.
ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5 000 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;”,- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.
































































