ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჯოდი გინზბერგის თქმით, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება უსამართლოა და ის მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ისჯება.
„ძალიან ცხადია, რომ მზიას დაპატიმრება უსამართლოა. ის ისჯება არაპროპროციულად და ნათელია, რომ ეს მისი, როგორც ჟურნალისტის, რედაქტორის საქმიანობის საპასუხოდ ხდება. ის არ უნდა იყოს ამ საფრთხისა და 4-7 წლამდე პატიმრობის წინაშე შეთითხნილი ბრალდებების გამო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მზიას არ ეხება, სინამდვილეში ეს ყველა ქართველ ჟურნალისტსა და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებს ეხებათ, რომლებიც სულ უფრო ხშირად აწყდებიან ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას… ასევე ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომ შეწყიტონ ხელისუფლებებისა და ავტორიტეტების კრიტიკულ გაშუქება. ამ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოცხადება, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით და გავაგრძელებთ გაშუქებას“, – განაცხადა გინზბერგმა „მედიაჩეკერთან“.
დღეს, ZEG Storytelling Festival-ის დასკვნით დღეს, ერთ-ერთი სესია მზია ამაღლობელზე საუბარს დაეთმო. აღნიშნული სესიის მოდერატორი „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯოდი გინზბერგი იყო, ხოლო სპიკერები ირლანდიელი ადამიანის უფლებათა დამცველი კილიან გალაგერი (Caoilfhionn Gallagher KC) და ჟურნალისტი ირმა დიმიტრაძე იყვნენ.
ასევე, სესიას ონლაინ დაესწრო ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი, მარია რესაც, რომელმაც მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა.
ZEG ფესტივალი, რომელიც დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს მოიცავს,13 ივნისს დაიწყო და 120-ზე მეტ მომხსენებელს უმასპინძლა.
წყარო: მედიაჩეკერი