ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ შრომაში, ხრიალეთის უბანში სკვერი აშენდება _ აღსანიშნავია, რომ ამ სკვერის პროექტის გახორციელებაში ორი საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ხრიალეთის უბანში თანამედროვე სტანდარტების სკვერის მოწყობის პროექტი, რომელიც შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის (SDC), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის მიზანია რეკრეაციული სივრცის განვითარება და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.
პროგრამის _ „უკეთესი შესაძლებლობები დაბრუნებული მიგრანტებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა გრძელდება.
ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ასისტენტ პაატა შარაშენიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შრომაში დაგეგმილ პროექტს გაეცნო“, _ აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გურია ნიუსი“ ცდილობდა, გაერკვია, რა თანხა დაიხარჯება სკვერის აშენებისთვის, რამდენია უცხოური ორგანიზაციების ფინანსური წვლილი ამ საქმეში და რამდენი _ ადგილობრივი თვითმმართველობის, თუმცა, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროტოკოლის წარმომადგენელმა გვითხრა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ყველაფერი დეტალურად არის აღნიშნული _ რა იგულისხმება „დეტალებში“, პროტოკოლის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია.
ფოტო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
ავტორი
































































