ნება მომეცით თბილისის „დინამოს“ მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი გავიხსენოთ. ბატონი ანზორი ის პიროვნებაა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს რიკარდო ლატანცის ბურთი წაართვა:
„ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკებზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი გამწარებული.
ნათქვამი მქონდა, ფინალის ბურთი საქართველოში მე უნდა ჩამოვიტანო-მეთქი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა.
ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს.
დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი. ამ დროს ორი კაცი გამოექანა ჩემკენ, თურმე ფოტოკორესპონდენტები ყოფილან. მე კი მეგონა, ბურთის წასართმევად მომდევენ-მეთქი და სპრინტერული სიჩქარით შევვარდი გვირაბში”.
ავტორი