სენაკში აქტივისტმა აპოლონ (გიგა) გარუჩავამ მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შიმშილობა დაიწყო. იგი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის მიზანმიმართულ ბლოკირებაში ადანაშაულებს.
პროტესტის ფონზე, ორი დღის წინ აქტივისტი ადგილზე ცუდად გახდა, რის გამოც ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გარუჩავას განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სამ სხვადასხვა ობიექტზე მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ, რის გამოც მას უკვე 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრეს.
„4 ივნისს დილიდან დავიწყე შიმშილობა, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით მავიწროვებენ. ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს აძლევენ ყველაფრის უფლებას, იწყებენ მშენებლობას ისე, რომ მშენებლობის საბუთები არ აქვთ, კანონის დარღვევით. მე წელიწადზე მეტია ველოდები საბუთებს. სამ ლოკაციაზე – მენჯში ერთ-ერთ ობიექტზე მშენებლობის დოკუმენტაციას არ მაძლევენ, დადიანზე, რესტორნის გვერდით, მიწის ნაკვეთზე ღობის მშენებლობის საბუთს და ჭავჭავაძის 141 ნომერში.“
აქტივისტი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო მას, როგორც მეწარმეს, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ ეძლევა. მისივე თქმით, პრობლემის შესახებ პირადად სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ იციან, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. „დამაჯარიმეს ერთ ობიექტზე 4 000 ლარით, მეორეზე – 10 000 ლარით, მესამეზე კი 1 000 ლარით. არ მაძლევენ გასაქანს, რომ ბიზნესი ვაწარმოო. მივმართე მერს, ვახტანგ გადელიას, მოადგილესაც, მაგრამ უშედეგოდ. მპირდებიან მოგვარებას, მაგრამ ამაოდ“, -აცხადებს აპოლონ გარუჩავა. ჩვენი რედაქცია ცდილობს სენაკის მერთან, ვახტანგ გადელიასთან დაკავშირებას. როგორც კი მის კომენტარს მივიღებთ, მას დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ. ცნობისთვის, აპოლონ (გიგა) გარუჩავა ადგილობრივ თვითმმართველობაში აქტიური პოლიტიკური საქმიანობითაა ცნობილი. ის სხვადასხვა დროს მონაწილეობდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო არჩევნებში.
ავტორი
































































