“სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ რესურსცენტრების ხელმძღვანელები. იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი გურიის მხარეში სკოლების მშენებლობის საკითხებზე? ასევე, იმ პროექტების ბოლომდე მიყვანაზე, რომელთა მშენებლობა არ არის დაწყებული. მაგალითად, ზემო ნატანებში, ანასეულში, ნაგომარში და ა.შ.
კონკრეტულად განათლების მიმართულებით რაზე იყო საუბარი?” _ კითხვებით “გურია ნიუსმა” გურიის მხარის ადმინისტრაციას მიმართა. თუმცა, უწყებისგან ამომწურავი პასუხები არ მიგვიღია.
“გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შესაბამისი მიმართულებების მიხედვით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან განხილული იქნა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. რაც შეეხება კონკრეტული პროექტის მიმდინარეობას, მათი დაწყების ან დასრულების ვადებსა და პირობებს, იქნება ეს სკოლების მშენებლობა–რეაბილიტაცია თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა, წარმოადგენს პასუხისმგებელი უწყების კომპეტენციას და მათ მიერ მოხდება შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება“, _ აღნიშნულია მათ მიერ გამოგზავნილ კომენტარში.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, როდის დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზემო ნატანების საჯარო სკოლის მშენებლობა და კითხვით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ქეთევან ხომერიკს მიმართა:
“ველოდებით, პროექტის გაგრძელებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე სოფელ ქვემო ნატანებში მიმდინარეობს სკოლის და ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, ხდება შიდა გზების მოწესრიგება“, _ გვითხრა ქეთევან ხომერიკმა.
სოფელ ნატანების მცხოვრები, 93 წლის გურამ ღლონტი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ სკოლა დროულად უნდა აშენდეს, რათა ბავშვებს მეზობელ სოფელში მეორე ცვლაში აღარ მოუხდეთ სიარული და სწავლება:
“ყველაფერს უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, რომ ახალმა თაობამ მოახერხოს შესაბამის შენობაში მიიღოს განათლება, ისწავლონ და კარგი ცხოვრება ჰქონდეთ“.
ამ ეტაპისთვის ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები ხრიალეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ, მანამდე კი თხინვალის საჯარო სკოლაში უწევდათ სიარული.
ზემო ნატანების ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ 2022 წლის 14 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით გავიგეთ. ორი წლის შემდეგ, 2024 წელს, შენობის დემონტაჟი არ იყო დასრულებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი დემონტაჟი 2025 წელს დასრულდა. თუმცა, ამ დრომდე კონკრეტული ინფორმაცია მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ცნობილი არ არის.
ამ ეტაპზე ისევ გაურკვეველია, როდის გაგრძელდება მიტოვებული პროექტები და როდიდან აღარ მოუწევთ მეორე ცვლაში მეზობელ სოფელში სწავლა ასეულობით მოსწავლეს.
2025 წლის 29 სექტემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული წერილით ვიგებთ, რომ გურიაში 17 სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიღებული წერილში არ არის აღნიშნული, როდის დასრულდება სამუშაოები.
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში მიმდინარეობს.
ავტორი




































































