ლანჩხუთში, ნიგოითში, სოფლის ცენტრში, ხეების ჩრდილში, სადაც მანამდე სახელდახელოდ მოწყობილი ხის სკამ–მაგიდა იდგა, 2024 წელს სოფლის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად სკვერის მოწყობა ჩაითვალა.
თუმცა, როგორც მაშინ “გურია ნიუსმა” გაარკვია, სოფლის მოსახლეობაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. ჩვენთან საუბარში, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა აქაური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ისინი ამბობდნენ, რომ რეალურად მათ სოფელში პრიორიტეტი სულაც არ იყო სკვერის მოწყობა.
“სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვინ უნდა მიიპატიჟონ კრებაზე, რომ მხარდაჭერა მიიღონ. პრიორიტეტი რეალურად სხვაა ჩვენს სოფელში, ვიდრე ამ სკვერის მოწყობა. თან, იმდენად უთავოდ მუშაობენ, რომ ერთიდაიგივე საქმის გაკეთება ორჯერ მოუწიათ. შემოღობეს და მერე გაახსენდათ, რომ… ღობეს ფუნდამენტი ჭირდება!…
სამწუხაროდ, ყოველი შეკრება ცირკს ჰგავს, კარგად დადგმულ ცირკს“, _ ამბობდა მაშინ ჩვენთან საუბარში ნიგოითელთა ნაწილი.
მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება მალევე დაიწყო და სოფლის ცენტრში სკვერის მოსაწყობად სამუშაოებიც გაჩაღდა. პანელური ღობით ტერიტორია შემოღობეს, თანაც ორჯერ, რადგან ობიექტზე დასაქმებულებს, როგორც თავშივე ვახსენეთ, თავიდან ღობის გარშემო ფუნდამენტის ჩასხმა გამორჩათ.
აღმოჩნდა, რომ თანხა, რომელიც 2024 წელს ნიგოითს ერგო სოფლის პროგრამიდან, საქმის ბოლომდე მისაყვანად არასაკმარისი იყო. იმ წელს სოფლის პროგრამით გამოყოფილი 16 ათასი ლარით მხოლოდ სკვერისთვის განკუთვნილი ტერიტორიის შეღობვა მოხერხდა პანელური ღობით. ჰოდა, ისევ სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამით გათვალისწინებული ის 16 ათასი ლარი, რომელიც 2025 წელს ნიგოითს ერგო, სკვერის მოწყობის სამუშაოების დასასრულებლად მიიმართა. აქ სამუშაოების მიმდინარეობა გასული წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, სექტემბრის თვეში დაიწყო და ამ ჯერზე სკვერში ქვაფენილები დაიგო. თუმცა, შემოღობილი და ქვაფენილდაგებულ ხეების ჩრდილში, რომლის გაკეთებასაც ჯამურად 32 ათასი ლარი მოხმარდა, ჯერაც არ დგას ერთი მოსასვენებელი სკამიც კი.
“არაფერი სოფელში არ კეთდება. ორი ტენდერი გამოაცხადეს სკვერზე და ხედავთ, რა დღეშიცაა. კომუნისტების დროს ასეთს ჩიხს ღობავდნენ საქონლისთვის“, _ ამბობდნენ სოფელში.
იქედან გამომდინარე, რომ ერთი თვალის შევლებითაც ნათლად ჩანს, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მთლად სრულყოფილი ვერაა, “გურია ნიუსი” დაინტერესდა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციით, პროექტი დასრულებულია თუ საქმის ბოლომდე მისაყვანად კიდევ დამატებითი თანხები აქვთ მოსაძიებელი.
ცნობისთვის, რაც შეეხება 2026 წლის სოფლის პროგრამის თანხას, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, კრებაზე გადაწყდა, რომ სოფელ ნიგოითისთვის განკუთვნილი 16 ათასი ლარი სასაფლაოს შეღობვასა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობას უნდა მოხმარდეს.
სკვერთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მერის წარმომადგენელს ნიგოითის თემში, გიგა დოლიძეს დავუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ ადგილზე მაგიდისა და სკამების დადგმაღაა დარჩენილი და საამისოდ ამინდის დათბობას ელოდებიან:
“შეძენილია უკვე მაგიდაც და სკამიც, სოფელ ქვიანში, ერთ–ერთ ოჯახში გვაქვს დასაწყობებული და როგორც კი ამინდები გამოვა, სკვერში დაიდგმება“, _ გვითხრა ნიგოითში მერის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სამწლიანი დაპაუზების შემდეგ, 2019 წელს აღადგინა. პროგრამა მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის (შიდა სოფლის გზების, გარე განათების, სკვერების და სხვ.) გაუმჯობესება-მოწყობაზე. პროგრამის გახორციელებისთვის საჭირო თანხის გაანგარიშებას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუმცა, შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სახსრებით.
2019 წლიდან მოყოლებული, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” გასახორციელებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 ათასი ლარი ერგება და რადგან, იდეაში, პროგრამა მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს მოიაზრებს, სოფლის საერთო კრებაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს თუ რის გაკეთებაა სოფელში პრიორიტეტი.
ავტორი





































































