კურორტ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე საავტომობილო ხიდის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და სხვა დოკუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 340 500 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციისთვის, “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე, ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენაზე” გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2026 წლის 15 აპრილს გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 19 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა მოამზადოს.
თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული ადგილი თუ სად გაკეთდება ხიდი, უცნობია, ტექნიკურ დავალებაში კი წერია:
“არსებული სახიდე გადასასვლელი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ბახვისწყალზე (კოორდინატები: X278317.763, Y4636309.037; ხიდის ზუსტი ადგილმდებარეობა დაზუსტდეს ადგილზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად).
როგორც ცნობილია, დაბა ბახმარო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაღალმთიანი კურორტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მრავალრიცხოვან დამსვენებელსა და ტურისტს იზიდავს თავისი გამორჩეული მთისა და ზღვის შერეული სამკურნალო ჰავით, სოჭითა და ნაძვით მდიდარი მწვანე ლანდშაფტით.
კურორტ ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა მრავალი სადღესასწაულო ღონისძიება. დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარე ბახვის წყალზე არსებული საფეხმავლო ხიდი, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს დამსვენებლების (განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში) მზარდი ნაკადის შეუფერხებლად გატარებას.
მდინარე ბახვისწყლის ორივე ნაპირი განაშენიანებულია და ზემოაღნიშნული საფეხმავლო ხიდი აკავშირებს ორ უბანს დაბის ცენტრთან. აღნიშნული ხიდი ფაქტობრივად არანაირ სტანდარტში არ ჯდება და ვიზუალურად, მისი ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა მზარდი ნაკადის უსაფრთხოდ გატარებას.
აღსანიშნავია, რომ კურორტზე ყოველწლიურად მატულობს განაშენიანების პროცესი. ზემოაღნიშნული საავტომობილო ხიდის მოწყობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ამასთან ერთად ხელს შეუწყობს კურორტის შემდგომ განვითარებას“.
გარდა ამისა, ტექნიკურ დავალების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში უნდა მომზადდეს განსახლების სამოქმედო გეგმა.
“პროექტის ფარგლებში მშენებლობის შეუფერხებლად გახორციელებისა და ადგილობრივ მოსახლეობაზე პროექტის უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბების შემცირების მიზნით, უნდა შემუშავდეს განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული კომპენსაციის ოდენობა, დღევანდელი რეალური მდგომარეობისა და არსებული ფასების გათვალისწინებით“, _ წერია დავალებაში.
ასევე, მიმწოდებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ტყუილუბრალოდ არ გაჩეხავს ხეებს. ნაგავსა და ზედმეტ მიწას სწორად მოუვლის, ცხოველთა დაავადების კერებს არ გააქტიურებს, თუ ტრასა გადის ისეთ ადგილზე, სადაც ძველი საქონლის სამარხებია (“ჯილეხიანი” მიწა), უნდა მოამზადონ სპეციალური საკარანტინო გეგმა, რომ დაავადება არ გავრცელდეს.
ადგილობრივები ბახმაროში ხიდის აუცილებლობის საჭიროებაზე წლებია საუბრობენ.
“წლებია ველოდებით ამას. ვინც აქაურია, ყველამ იცის, რომ დღეს არსებული საფეხმავლო ხიდი უფრო შიშის მომგვრელია, ვიდრე გადასასვლელი. განსაკუთრებით აგვისტოში, დოღის დროს, როცა ათასობით ადამიანი მოდის, გული გვისკდება, რამე არ მოხდეს. ახალი საავტომობილო ხიდი მარტო მოხერხებულობა არ არის, ეს ჩვენი და ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებაა. თანაც, ბახმარო ფართოვდება, ახალი კოტეჯები შენდება და ტექნიკის თუ პროდუქტის გადატანა მეორე ნაპირზე ნამდვილი ტანჯვა იყო აქამდე“, _ ამბობენ ადგილობრივები.
ვიდრე სატენდერო პროცედურები დასრულდება და გამარჯვებული კომპანია ხიდის საპროექტო ვარიანტს წარადგენს, საინტერესოა, როგორია პროფესიული ხედვა კურორტის სპეციფიკური კლიმატისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით. ამ საკითხებზე ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ წევრსა და არქიტექტორს, გოგი ბოლქვაძეს ვესაუბრეთ.
მისი თქმით, განაშენიანების გეგმით ორი ხიდი იყო ბახმაროში დაგეგმილი, მაგრამ წლების წინ თანხები არ იყო საკმარისი: “რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ხიდს, ამორტიზირებულია. ათასჯერ გაარემონტეს და თან გაბარიტებშიც არასტანდარტულია“, _ ამბობს ბოლქვაძე.
_ თქვენი აზრით, რა ტიპის კონსტრუქცია იქნებოდა ბახმაროს ლანდშაფტისა და მდინარის ხასიათისთვის ყველაზე გამძლე და მართებული?
_ ბახმაროში ძალიან სპეციფიკური გარემოა _ მაღალი ტენიანობა, ხშირი ნისლი, მკვეთრი კლიმატური ცვლილებები და რაც მთავარია, მთის მდინარის ბახვისწყლის საკმაოდ აგრესიული დინამიკა. ასეთ პირობებში ხიდის კონსტრუქცია უნდა იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად ჰარმონიული, არამედ ტექნიკურად მაქსიმალურად გამძლე და ადაპტირებული გარემოსთან.
ჩემი ხედვით, ყველაზე მართებული იქნებოდა მეტალოკონსტრუქციაზე დაფუძნებული ხიდი, რკინა–ბეტონის საყრდენებით _ ფოლადის კონსტრუქცია უკეთ უძლებს ტემპერატურულ ცვალებადობას და დატვირთვებს.
შესაძლებელია შედარებით მსუბუქი ვიზუალური გადაწყვეტა, რაც არ დაარღვევს ბახმაროს ბუნებრივ იერს რკინა–ბეტონის ბურჯები კი აუცილებელია მდინარის დინების, ეროზიისა და დატბორვის წინააღმდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი უშუალოდ გადაჭიმული ან მინიმალური ბურჯების მქონე ხიდი, რათა ბახვისწყლის კალაპოტში მაქსიმალურად ნაკლები ჩარევა მოხდეს ეს შეამცირებს როგორც ეკოლოგიურ ზემოქმედებას, ასევე წყლის დინების შეფერხებას.
თუ ვიზუალურ ნაწილსაც შევეხებით, ხიდი არ უნდა იყოს მასიური და “ქალაქური” პირიქით, სასურველია იყოს მსუბუქი, დახვეწილი ფორმის, შეიძლება ხის ელემენტების ინტეგრაციით, რათა ბახმაროს არქიტექტურულ და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიაში მოვიდეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოპტიმალური გადაწყვეტა არის მსუბუქი ფოლადის კონსტრუქციის ხიდი, რკინა–ბეტონის სტაბილურ საყრდენებზე, მინიმალური ჩარევით მდინარის კალაპოტში და მაქსიმალური ჰარმონიით ლანდშაფტთან.
_ ბახმარო რეკრეაციული ზონაა. რამდენად ჯდება დღევანდელი ხიდის ვიზუალი კურორტის არქიტექტურულ კონცეფციაში და რა უნდა იყოს გათვალისწინებული?
_ბახმარო, პირველ რიგში, არის რეკრეაციული და ბუნებაზე ორიენტირებული კურორტი, სადაც მთავარი ღირებულება სწორედ გარემოს ავთენტურობაა. შესაბამისად, თუ ხიდი გამოიყურება ზედმეტად მასიური, ინდუსტრიული ან ქალაქური, ის ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს დისონანსი მთელ ლანდშაფტთან.
ჩემი შეფასებით, დღევანდელი ტიპის სამანქანო ხიდების სტანდარტული ვიზუალი ბეტონის მასიური ფორმები, მძიმე მოაჯირები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ვერ ჯდება ბახმაროს არქიტექტურულ კონცეფციაში, თუ არ ხდება მისი ადაპტაცია ადგილობრივ კონტექსტზე.
რა უნდა იყოს გათვალისწინებული:
პირველ რიგში, მასშტაბი _ ხიდი არ უნდა დომინირებდეს გარემოზე. ბახმაროში შენობები და ინფრასტრუქტურა, ტრადიციულად, ბუნებრივ მასშტაბზეა მორგებული.
მეორე: მასალები და ტექსტურა _ სასურველია ბუნებრივთან ახლოს მდგომი მასალების გამოყენება ან მათი იმიტაცია ხის ელემენტები, თბილი ტონალობის მეტალი, არა აგრესიული ბეტონი. ეს ამცირებს ვიზუალურ ხმაურს.
მესამე: ფორმა და სილუეტი _ მარტივი, ელეგანტური, ზედმეტი დეკორაციების გარეშე. ხაზები უნდა იყოს რბილი და ჰარმონიული, არა მკვეთრად ინდუსტრიული.
მეოთხე: ინტეგრაცია გარემოსთან _ ხიდი უნდა აღიქმებოდეს როგორც ლანდშაფტის ნაწილი და არა უცხო ობიექტი. მნიშვნელოვანია ხედების შენარჩუნება როგორც მდინარეზე, ისე მთებზე.
და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო ობიექტი.
ბახმაროში ხიდი შეიძლება იქცეს სასეირნო, ხედვის და ფოტოგრაფიული სივრცედაც, ამიტომ სასურველია ჰქონდეს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო ზონა და ვიზუალური გახსნილობა.
მოკლედ: თუ ხიდის დიზაინი არ იქნება მორგებული ბახმაროს ბუნებრივ და ტურისტულ ხასიათზე, ის დაარღვევს კურორტის იერსახეს. სწორი მიდგომის შემთხვევაში კი შეიძლება პირიქით გახდეს მისი ერთ–ერთი ესთეტიკური სიმბოლო, _ ამბობს გოგი ბოლქვაძე.
ავტორი































































