საწვავის ფასის მატების შემდეგ, ბოლო დღეების განმავლობაში, ოზურგეთში, აქტიურად ისმოდა მძღოლების საუბარი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ.
ავტოსადგურში, სხვადასხვა სარეისო ტრანსპორტის მძღოლები ამბობდნენ, რომ დიდხანს ვერ “გაქაჩავდნენ” არსებულ მდგომარეობაში ყოფნას, თუ მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდებოდა:
_ რა ვქნათ? ჩვენ სულ არ გვინდა მგზავრობის ღირებულების გაზრდა. ნეტავ, ათ ლარად ჩავიყვანდეთ მგზავრს თბილისამდე. ვის უხარია ან საკუთარი გასაჭირი ან მგზავრის? მაგრამ სხვა გზა არავინ დაგვიტოვა. საწვავი ისე გაძვირდა, ვერ “წაეკარები“, _ ამბობენ მძღოლები “გურია ნიუსთან”.
უკვე ცნობილი გახდა, რომ 20 აპრილიდან მგზავრობის ფასი გაიზარდა ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით.
იყო ვარაუდი, რომ ბათუმამდე _ ორი ლარით, ხოლო ქუთაისამდე 1 ლარით გაიზრდებოდა მგზავრობის ღირებულება, სოფლებში კი სარეისო ავტობუსებზე 50 თეთრით, თუმცა, ჯერ მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაძვირდა მგზავრობა.
_ თბილისის მიმართულების მძღოლებმა მომმართეს განცხადებით, რომ ხუთი ლარით გაგვეზარდა მგზავრობის ღირებულება. ისინი წუხდნენ, რომ საწვავის ფასი ისე გაიზარდა, ხარჯებს ვერ აუდიოდნენ, _ გვითხრა ოზურგეთის ავტოსადგურის დირექტორმა შალვა ორაგველიძემ.
მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაძვირდა მგზავრობა. სოფლებს რაც შეეხება, მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე სოფელ მერიასა და გურიანთაში მოიმატა მგზავრობის ღირებულებამ. თუმცა, ამ მარშრუტის მძღოლები დიდი ხანია, ამას ითხოვდნენ.
_ რა ვქნათ? ხარჯი მაგათია, ტრანსპორტიც… ვერაფერს გეტყვით, რა მოხდება უახლოეს მომავალში, _ გვითხრა შალვა ორაგველიძემ.
_ ბატონო შალვა, თუ მალე საწვავი ისევ გაიაფდება შედარებით, მგზავრობის ფასი დაიწევს? ხალხიც ხომ ცოდვაა…
_ კი, აუცილებლად. ეს ხელშეკრულებაში ჩავწერეთ, _ გვითხრა ორაგველიძემ.
ამასობაში კი ისედაც შეთხელებულ მგზავრების რიგში ბუზღუნი ისმის:
“ყოჩაღ, მთავრობას! ირანს დააბრალონ, როგორმე. აზერბაიჯანიდან მოდის საწვავი და რა შუაშია ირანი. ასე გააძვირეს პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები, თან სამარცხვინო მეთოდით”, _ გვითხრეს მგზავრებმა.
პლასტმასის ნაწარმის გაძვირებას რაც შეეხება, აქ უფრო კომიკური სიტუაციაა.
_ როგორც კი თქვეს, პლასტმასის ნაწარმი აიკრძალებაო, უცებ გაძვირდა პლასტმასის ჭიქები. ას ცალს 2 ლარად რომ ვყიდულობდით, ახლა 4 ლარად უნდა იყიდო. ასეთია მიდგომა. მერე უცებ გამოაცხადეს, რომ 4 წლით გადაიდო ეს აკრძალვა. ჰოდა, სასწაული იცით, რა არის? ეს გაძვირებული ფასი კი დარჩა. ესენი ხალხი და მთავრობაა? საშველი რომ არ გვაქვს, იციან. შეხმატკბილებული და ვითომ დაპირისპირებული ქოც–ნაცობა ჩვენ ახლა სისხლის გამოსაწოვად მოგვდგა. ვიკითხეთ, რა ხდებაო და ბენზინი გაძვირდაო, ასე გვიპასუხეს. რა ჰქვია ამას? ამ ჭიქებში ჩითილები გამოგვყავს, თითოეული თეთრი დათვლილი გვაქვს პურის ფულისთვის, ისიც სეზონურად. რა ვქნათ? ფუი, მართლა მაგათ… პური გაძვირდა, ახლა ყველაფერი ძვირდება, მგზავრობის ფასიანად. თავად მსუყე ხელფასები და ტანკივით ჯიპები კი ჰყავთ, ბენზინი უფასოდ და რა ენაღვლებათ… _ გვითხრეს ოზურგეთის ბაზარში.
ავტორი



































































