ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ სტუმრობისას განაცხადა, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გასული თვეების განმავლობაში არსებულ კონტრაქტორთან ერთად განხორციელებული სამუშაოების შედეგად პროექტის ფინანსური ოპტიმიზაცია მოხდა და მისი ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა.
მისივე თქმით, პროექტი უცვლელი დარჩა და სამშენებლო კომპონენტების შემცირება არ მომხდარა, ხოლო ოპტიმიზაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ იმავე ვადებში ანაკლიაში მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.
„დღეს რა ხდება ანაკლიაში? ანაკლიაში დაიწყო აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა წინასამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. დღეს უკვე ადგილზე თქვენ ნახავთ აქტიურ სამშენებლო პროცესს. სამუშაოებში ორი მიმართულებით ჩართულია ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია: ეს გახლავთ ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე დაღრმავებითი სამუშაოები. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. . პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რკინიგზა მუშაობს დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტირების დასრულებაზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, გეგმის შესაბამისად, უკვე აქტიურ ტენდერებსა და შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




































































