არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც წვიმასა და ძილს ერთმანეთთან აკავშირებს.
მზის შუქი სეროტონინის გამოყოფას იწვევს და ამცირებს მელატონინს. სეროტონინს ხშირად “ბედნიერების ჰორმონს” უწოდებენ და ის პასუხისმგებელია სიფხიზლესა და ამაღლებულ განწყობაზე. მეორე მხრივ, მელატონინს ორგანიზმი ძილის ციკლის დასარეგულირებლად იყენებს.
წვიმიან ამინდს ხშირად თან ახლავს მუქი ღრუბლები, რაც მზის ზემოქმედების ეფექტს ამცირებს. შედეგად ვიღებთ ღამის ეფექტს, რაც საბოლოოდ სერატონინის წარმოებას ამცირებს და ააქტიურებს მელატონინს.
გარდა ამისა, გაზრდილი ტენიანობის დროს სხეულს შიდა ტემპერატურის შენარჩუნება შედარებით უფრო უჭირს. ეს სხეულს უფრო ტვირთავს და ღლის.
გაზრდილ ტენიანობასთან ერთად, ძლიერი ქარი გავლენას ახდენს ბარომეტრულ წნევაზეც. ქარიშხალს ჩვეულებრივ თან ახლავს დაბალი წნევა, რაც ჰაერში ჟანგბადის დონეს ამცირებს. ძილიანობა კი, შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობის ნიშანიც იყოს.
ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა სეზონური აფექტური დაავადება (SAD) გამოწვეულია სეზონებისა და ამინდის მიხედვით. ამას როგორც დეპრესიულ აშლილობას ისე მოიხსენიებენ ხოლმე და სეზონურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. უფრო ხშირად ასეთი შემთხვევები ზამთარში, მზის სხივების დონის შემცირების გამო ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ამ აშლილობამ ადამიანი შეიძლება წლის ნებისმიერ სეზონზე შეაწუხოს.
SAD-ის სამკურნალოდ ხშირად ფოტოთერაპიას, იგივე “სინათლის თერაპიას” იყენებენ. ასეთი მკურნალობის მიზანი დღის სინათლის დეფიციტის ანაზღაურებაა. ფოტოთერაპიის შედეგად იმატებს თავის ტვინში განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნაერთების დონე.





































































