ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა ლანჩხუთში მხოლოდ ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულშია გაყვანილი და ისიც ნაწილობრივ. სამწუხაროდ, ქალაქის უმეტეს უბანში კანალიზაციის სისტემა საერთოდ არ არსებობს. იქ კი, სადაც არის, საბჭოთა მმართველობის დროინდელია და ისეა მოძველებული და მწყობრიდან გამოსული, რომ დაზიანებული კოლექტორებიდან, რიგ შემთხვევებში, ფეკალიები ქუჩებში იღვრება და მოსახლეობასაც ეზოებში შედის.
ასეა მაგალითად, გია ურუშაძის ქუჩის შემთხვევაში, რომლის მოსახლეობამაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, წლებია, ვერ მიაკვლია უწყებას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. მათ არაერთხელ გამოხატეს პროტესტი ფეკალური მასების დაღვრის გამო, მაგრამ შედეგს ვერ მიიღეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველი გაწვიმებისას დაზიანებული და ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემებიდან ფეკალური მასები პირდაპირ ქუჩაში იღვრება.
“ეს დღეები სულ წვიმდა და ქუჩა გაივსო ფეკალიებით, ვერ გაივლი, ათასი სიბინძურე ყრია. ამდენი წელია ეს პრობლემა ვერ მოაგვარეს, რაც მთავრობაა, რეაგირებაც ისეთია. ბევრი წელია, ეს საკითხი გვაწუხებს, მაგრამ არადა არ ეშველა. ხან რომელი ჭიდან გადმოდის ფეკალური მასები და ხან _ რომლიდან. ფაქტია, რომ მარტო გაწმენდა არ შველის, მთელი სისტემაა გამოსული მწყობრიდან და გამოცვლას საჭიროებს. როგორც კი გაწვიმდება, შადრევანივით ასხამს ფეკალიები, არ გაივლება ქუჩაში“, _ ამბობენ პრობლემით შეწუხებული ადამიანები.
საგულისხმოა, რომ ურუშაძის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის თაობაზე “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა კიდეც.
“21-ე საუკუნეში იმას ვითხოვთ ადამიანები, რომ ფეკალიები არ ჩამოგვდიოდეს ყოველი გაწვიმებისას ეზოებში და სახლებს არ გვიტბორავდეს. ამ ქუჩაზე სულ მთლიანად, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია კანალიზაციაა“, _ ეს განცხადება ურუშაძის ქუჩის მოსახლეობამ არაერთხელ გააკეთა “გურია ნიუსთან” საუბარში, თუმცა, სამწუხაროდ, პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გასულ წელს ურუშაძის ქუჩის იმ ნაწილზე, რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სანიაღვრე არხები მოეწყო და ასფალტის საფარიც დაიგო, რამაც თავის დროზე ადგილობრივთა კმაყოფილება გამოიწვია:
“მართლაც კარგი რამ გაკეთდა. ძალიან გაწვალებულები ვიყავით, წყალი და ფეკალიები ეზოებსა და სახლებში შემოგვდიოდა. წლების მანძილზე ვითხოვდით, რომ ვინმეს ყურადღება მოექცია და გულთან მიეტანა ჩვენი გასაჭირი და როგორც იქნა გვეშველა. არხები გაკეთდა, ასფალტი დაიგო და რა შედარებაა იმასთან, რაც წლების მანძილზე ხდებოდა ამ ქუჩაზე. საკანალიზაციო ჭებიც გაწმინდეს შეძლებისდაგვარად და ჯერჯერობით, ყველაფერი წესრიგშია ამ კუთხითაც“.
თუმცა, ამ კმაყოფილების ფონზე მოსახლეობა იმასაც დასძენდა, რომ ახალი ასფალტის ფენის ქვემოთ კვლავაც რჩება ძველი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ადრე თუ გვიან საჭიროებს რეკონსტრუქციას და სანამ ასე იქნება, კვლავაც არის საშიშროება, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ, კვლავაც მოხდეს ფეკალიების გადმოღვრა. მართალია, საკანალიზაციო მასა ახლა ეზოებს არ ემუქრება დატბორვით, მაგრამ ქუჩის ბოლოს, ანტისანიტარიის მაღალი ხარისხის საშიშროებას წარმოშობს.
ურუშაძის ქუჩის იმ ნაწილში კი, რომელიც რკინიგზის ზედა მხარეს მდებარეობს, მართალია, ასფალტის საფარი წლებია დაგებულია და სანიაღვრე არხებიც კარგა ხანია, გაკეთებულია, მაგრამ ეს საქმეს მაინც ვერ შველის, საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო, წვიმის დროს საკანალიზაციო ჭიდან გადმოსული ფეკალიები შუა ქუჩაში მოედინება და ზოგჯერ ეზოებსა და სახლებშიც კი შედის.
მართალია, წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის ფილიალის მიერ საკანალიზაციო სისტემის პრობლემების მოსაწესრიგებლად გარკვეული სამუშაოები შესრულდა კიდეც, მაგრამ როგორც აქ ამბობენ, ხარვეზების აღმოფხვრა ბოლომდე შეუძლებელია, სანამ ახალი საკანალიზაციო სისტემის გაყვანა არ მოხდება.
ავტორი