გუშინ საღამოს ბაგებში, საკუთარ ავტომანქანაში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა („ტილიკა“) ჩაცხრილეს. გარდაცვლილს 20 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისმა თანმხლებმა პირმა თავს გაქცევით უშველა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. მკვლელობას ჰყავს მოწმეებიც.
ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია “მულტიპლექსს”, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ლევან კაჭარავა მის ბუღალტერთან ერთად სახლში, კაკლების დასახლებაში გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ მოსახვევში მას ბუჩქებში ჩასაფრებულმა ორმა ნიღბიანმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ბიზნესმენი ადგილზე, ავტომანქანაში გარდაიცვალა, თანმხლები პირი კი გაიქცა, მისთვის არც არავის უსვრია.
ambebi.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობა ბიზნესწილებს არ უკავშირდება და გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შურისძიებასთან გვაქვს, რომელიც თბილისში მომხდარ მკვლელობას უნდა უკავშირდებოდეს – კერძოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას.
როგორც ირკვევა, ლევან კაჭარავა რამდენიმე დღეა, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა (მამის ორმოცზე) და ბოლო დროს დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა.
“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა.. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა, შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – ყვება წყარო.
ცნობისთვის, კრიმინალურმა პოლიციამ, კონსპირაციულ ბინაში ძმები დათა და გუგა კაკულიები 29 მაისს დააკავა. ისინი პოლიციელებმა ოფიციალურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს, თუმცა საქმე შესაძლოა ბევრად მძიმე სს დანაშაულებს ეხებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაკულიები კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ მათი მამაც კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ. მათი სახელი პირველად 22 წლის ნიკა კვარაცხელიას – პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა.
ვინ არის გია კვარაცხელია? (მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამა)
გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს, წალენჯიხის სოფელ ჯგალში დაიბადა. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად ცხოვრობდა მოსკოვსა და კიევში. კვარაცხელია “კანონიერ ქურდად” 1988 წელს, 24 წლის ასაკში “მონათლეს” ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძემ (“პაატა ბალშოი“) და რომეო ბულიამ. ის რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში.
Ambebi.ge-ს რამდენიმე თვის წინ წყარო უყვებოდა:
“გია კვარაცხელია დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში. მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება – უკრაინა, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი. ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის დროზე დაუპირისპირდა სოხუმელ “კანონიერ ქურდებს” – ძმებ ჯანგველაძეებს, რომლებიც ტარიელ ონიანის სამეგობროს წარმოადგენდნენ. მის მტრებს შორისაა ძველი სოხუმელი ქურდი კაკო კოხია. როგორც ვიცი, კვარაცხელია დუდუ დადიანის პანაშვიდზეც იყო. გია კვარაცხელია ხმაურიან საქმეებში დიდად არ ყოფილა გახვეული. სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური. რა გახდა მკვლელობის მოტივი, არავინ იცის, დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება შვილის მოკვლა არც უნდოდათ, დაჭრა, ან შეშინება იყო მიზანი. გიამ შვილი ყველაფერს გააარიდა, მამის კვალს რომ არ გაჰყოლოდა, ძალიან ზრუნავდა მის მომავალზე, მიაღწია კიდეც, ნიკა ძალზე წარმატებული ახალგაზრდა იყო, ძალიან დასანანია მისი ასე ნაადრევად წასვლა ამ ქვეყნიდან…“
“გია კვარაცხელია 2003 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. წალენჯიხაში მას უზარმაზარი და ლამაზი სახლი ჰქონდა, რომელიც გიამ საპატრიარქოს გადასცა საჩუქრად. 2007 წელს კი სააკაშვილის მთავრობამ სახლი საპატრიარქოს ჩამოართვა და მასში პოლიცია გახსნა. ამ ეტაპზე შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და, ფაქტობრივად, უფუნქციოა. ერთი წელია, რაც წალენჯიხის პოლიცია ახალაშენებულ შენობაში გადავიდა. შვილის მკვლელობას რაც შეეხება, ხალხი აქ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, უფრო მამის თემას და შურისძიებას უკავშირებენ. ამ ეტაპზე კონკრეტული ვერსია არავისთვის არის ცნობილი. გია კვარაცხელია მუდმივად ეხმარებოდა ეკლესიას, მისი ფინანსური მხარდაჭერით აშენდა ჯგალში ტაძარი. ზოგადად, როგორც ვიცი, ტაძრების მშენებლობაში ღებულობდა მონაწილეობას. გიას თუ არ ვცდები, ნიკა მეორე ცოლისგან ჰყავს, ძალიან განათლებული და ნიჭიერი ბიჭი იყო, წალენჯიხაში გამორიცხავენ, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ამიტომაც ამ მკვლელობას მამაზე შურისძიებას უკავშირებენ“, – ყვება ambebi.ge-სთან წალენჯიხის ერთ-ერთი მკვიდრი.
წყარო: ambebi.ge