საქართველოს პარლამენტში 26 ივნისს ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას მომხდარმა ფიზიკურმა დაპირისპირებამ პოლიტიკური სპექტრი ორად გაყო. ინციდენტი, რომელიც გიორგი შარაშიძის გამოსვლისას დაიწყო, მალევე გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, რის შედეგადაც დეპუტატ გიგა ფარულავას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, მმართველი გუნდი „გავეშებული მოძალადეა“: „რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ და თავად არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები. მზად არიან, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შეჭამონ“. შარაშიძე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ ფაქტს ასე არ დატოვებს.
ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა: „მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას. ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს“.
მმართველი გუნდი მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და აცხადებს, რომ ისინი „გეგმიურ პროვოკაციას“ შეეჯახნენ.
ლევან მაჭავარიანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დაპირისპირება ოპოზიციის მხრიდან წამოსულმა შეურაცხყოფამ გამოიწვია: „ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს. სერიოზული შეურაცხყოფები იყო“.
მაჭავარიანის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვითარების განმუხტვას ცდილობდა და აშველებდა მხარეებს, ხოლო თავად ინციდენტი გიორგი გახარიას მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.




































































