ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ და მივიღოთ ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებებს კი აქვთ ვალდებულება, გასცენ ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
ბუნებრივია, აღნიშნული წესი, ვრცელდება გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზეც, რომელთანაც ჩვენ ხშირად გვიხდება ურთიერთობა სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდებაზე პრობლემები არ გვექმნება. ისევე, როგორც ჩვენს სააგენტოზე არ გადის არცერთი მასალა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეხება მათი კომენტარების გარეშე.
მიუხედავად ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისა, რომელიმე უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელს, მითუმეტეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს უფლება არ აქვს დაგვიგეგმოს მასალა, ან გამოთქვას ვარაუდები პრეტენზიული ტონით, თუ რისთვის შეიძლება გვჭირდებოდეს ჩვენ ინფორმაციები, რომელსაც მათგან ვითხოვთ და გაგვიცხადოს, რომ ეს მათ არ მოსწონთ.
აქვე განვმარტავთ, რომ სტატიებსა და მასალებს არ ვწერთ იმისთვის, რომ რომელიმე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ან წარმომადგენელს ვასიამოვნოთ. მათ პრეტენზია მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ გამოთქვან, თუკი მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ჩვენი შეხედულებით შევცვლით რამეს ან საზოგადოებას კონტექსტიდან ამოვარდნილი სახით მივაწოდებთ.
რაც შეეხება კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტროს სზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს:
2014 წლის 7 თებერვალს “გურია ნიუსმა” სამინისტროს მიმართა შემდეგი შინაარსის წერილით:
“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
გთხოვთ , მომაწოდოთ ინფორმაცია დღეის მდგომარეობით ხე-ტყის ჭრა-გადამუშავებაზე რამდენი ლიცენზიაა გაცემული მესტიის რაიონის დაბა ხაიშში და ვინ არიან ამ ლიცენზიების მფლობელები”
2014 წლის 12 თებერვალს ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ინგა ნიკაგოსიანს და ვიკითხეთ, როდის მოგვაწოდებდნენ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ჩვენს ამ კითხვას მოჰყვა აბსოლუტურად სულ სხვა პასუხი.
ინგა ნიკაგოსიანი:” ძალიან კარგად ვიცი, რისთვისაც გჭირდებათ ეს ინფორმაცია. დაადგენთ, ვინ არიან ხაშში სახერხების ლიცენზიანტები და დაწერთ, რომ სწორედ ისინი აპროტესტებენ ხუდონჰესის მშენებლობას…. რაც ნამდვილად სხვანაირად არის არა? ამას ცდილობთ…
გურია ნიუსი: ჩვენ არაფერს არ ვცდილობთ. უფლება მაქვს მოვითხოვო ეს სიები და გარემოს დაცვის პოზიცია რატომ არის ასეთი?
ინგა ნიკაგოსიანი:როგორი?
გურია ნიუსი: აი, მასეთი, როგორიც განაცხადეთ, რომ ჩვენ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ისე, რომ ვისაც აქვს ლიცენზიები ხე-ტყეზე, ის აპროტესტებს ხუდონჰესის მშენებლობას…
ინგა ნიკაგოსიანი:არა, მე ეგეთ მასალას ველოდები ახლა თქვენგან, იმიტომ რომ კითხვა იყო ეგეთი დასმული…
(“გურია ნიუსს”ამ თემაზე, რაც ზემოთ წარმოგიდგინეთ, იმ წერილის გარდა არანაირი კითხვა არ გადაუგზავნია ინგა ნიკაგოსიანისთვის,ამიტომ გაუგებარია, რომელ დასმულ კითხვებზე საუბრობს ის.)
“გურია ნიუსი”: გარემოს დაცვაზე არაერთი მასალა გაგვიკეთებია და თქვენი მსგავსი “მოლოდინები” არასდროს გამართლებულა, რადგან თქვენთან კითხვებისა და თქვენი პოზიციის დაფიქსირების გარეშე არცერთი სტატია გაგვიშვია, არ იყო ასე?
ინგა ნიკაგოსიანი:არა, არა, კი, კი მასე იყო…
“გურია ნიუსი: ხაიშის თემა რომ აქტუალურია, მაგაზე მგონი არავინ დავობს და ინტერესიც გასაგები უნდა იყოს. ვფიქრობ, ობიექტურად ვუდგებით ყველაფერს.
ინგა ნიკაგოსიანი:ნუ, რა ვიცი, რა ვიცი… ხო..
“გურია ნიუსი”: “რა ვიცი” როგორ გავიგოთ? გაქვთ რამე პრეტენზია? თუ გაქვთ, მოგვწერეთ და გავითვალისწინებთ…
ინგა ნიკაგოსიანი: არა, არა…
პ. ს. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ აქამდე, კოლეგიალური ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენს ყოველდღიურ საუბრებს პრესსამსახურის წარმომადგენლებთან არ ვიწერდით, მაგრამ რადგან ბოლო პერიოდში მათი მხრიდან უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ჩვენს სამუშაო პროცესში ჩარევის მცდელობას, მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციისას განვახორციელებთ ჩანაწერს.




































































