განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომელთაც სკოლის სამეურვეო საბჭო დაამტკიცებს. ჩამონათვალში არ არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რვა სკოლა _ ლანჩხუთის მეორე, ჭანჭათის, ქვემო აკეთის, წყალწმინდის, ჩოჩხათის, ჩიბათის, ხაჯალიისა და ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლები.
მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა შერჩევას უშუალოდ სამინისტრო ახორციელებდა და მას არანაირი წვდომა არ აქვს, თუ რა პრინციპით შეირჩნენ ისინი. თუმცა, მისი ინფორმაციით, ლანჩხუთის მეორე, წყალწმინდის, ჩოჩხათის, ჭანჭათისა და ქვემო აკეთის სკოლებს არ წარუდგენიათ დირექტორობის კანდიდატები. რაც შეეხება ჩიბათის, ხაჯალიის და მესამე საჯარო სკოლებს, წარდგენილი ჰყავდათ რამდენიმე კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი სამ ეტაპს მოიცავდა _ სკოლის დირექტორობის მსურველებმა ჯერ ტესტირება გაიარეს, შემდეგ _ გასაუბრება, ახლა კი ჯერი სამეურვეო საბჭოებზე მიდგა.