მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ასობით საცხორებლად უვარგისი სახლი – ეს ხელვაჩაურში ე.წ. "ოცნების ქალაქის" რეალობაა. იქ მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას ხშირად თხოვს, მაგრამ ეს ყველაფერი, ძირითადად, უყურადღებოდ რჩება ხელისუფლების მხრიდან.
"ოცნების ქალაქში" მცხოვრები ჯამბულ დიასამიძე ამბობს, რომ ერთხელ და სამუშამოდ უნდა გაირკვეს, დაეხმარება თუ არა ხელისუფლება ხალხს.
"არასამთავრობო იქნება თუ მთავრობა, ვინმემ მოგხვედოს. ახალი წელი მოდის და იმის საშუალება არ გვაქვს, ბავშვებისთვის ტკბილეულობა შევიძინოთ. მე მგონი ინგლისელები არიან, კვირაში ხან ერთხელ ან ორჯერ მოდიან და საკვები და ტკბილეული მოაქვთ ბავშვებისთვის. ასე სანამდე უნდა გრძელდებოდეს." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ჯამბულ დიასამიძემ.
" დიდი ფულიანი არ ვართ, მაგრამ ბავშვებისთვის ნაძვის ხის ყიდვა მაინც მოვახერხე, რა უნდა გავაკეთოთ აბა… ბავშვებს უხარიათ ეს დღესასწაული და ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ ცხოვრებას. ატრაქციონები მათ არ აქვთ და საფეხბურთო მოედანი.
როცა საშუალება გაქვს, ყოველთვის ახალი წელია. როდესაც არ გვაქვს საშუალება, გარეთაც არ გამოვდივარ ქოხიდან. რა გითხრათ მეტი, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქ ყველაფერი პრობლემა." – გვითხრა "ოცნების ქალაქში" მცხოვრებმა ვლადიმერ ქამადაძემ.
" ახალი მთავრობა რომ მოვიდა, კოალიციაზე მაქვს საუბარი, გვპირდებოდა და გვქონდა იმედი, რომ ჩვენი პრობლემები მოგვარდებოდა. მათ საპატივცემულოდ დავარქვით დასახლებას "ოცნების ქალაქი". დარჩა მხოლოდ სახელი. ხშირად მოდიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, გვპირდებიან, მაგრამ არაფერი იცვლება."– ამბობს დასახლებაში მცხოვრები დავით ცეცხლაძე.
როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ უკანონო დასახლების შემთხვევაში, საქმე გვაქვს კანონდარღვევებთან.
" არის შემთხვევები ე.წ. "გასაყოფი" ოჯახების, როცა პრეტენზია აქვთ რომ ცალკე ფართი ეკუთვნის ოჯახში ძმას, რძალ-დედამთილს და ა.შ. ვისი სოციალური პირობები და მდგომარეობაც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს, მათ მთავრობა ეხმარება. I და II კატეგორიის ეკომიგრანტების მოთხოვნები ძირითადად დაკმაყოფილებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ ე.წ. ,"ოცნების ქალაქში" მცხოვრები 3 ეკომიგრანტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართებით. ერთ-ერთი მათგანს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინა ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცა. მეორე ოჯახს , რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო, სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გურიაში შეუძინა, ხოლო მესამე შემთხვევა ცოტა უცნაურია. ოჯახმა, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, ქედის პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ბინის მიღებაზე უარი განაცხადა და ცხოვრებას ე.წ "ოცნების ქალაქში" აგრძელებს.“"– აცხადებენ პრესსამსახურში.
პრესსამსახურში ასევე იმ პროექტზე საუბრობენ, რომელიც ხელვაჩაურში უნდა გაკეთდეს.
"ე.წ. 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, რომელიც დაკავებული აქვს 300-ზე მეტ ოჯახს, აშენდება ქვესადგური, რომელიც რეგიონისათვის ელექტრომომარაგებით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და მოემსახურება ათასობით ოჯახს.
უკანონოდ ჩასახლებულები ხელს უშლიან ათობით მილიონი ევროს პირდაპირი ინვესტიციის ჩადებას რეგიონში, მაშინ როცა აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და მოსახლეობაზე.
მათ, ვისაც დახმარება ეკუთვნით, მთავრობა დაეხმარება. ე.წ. ეკომიგრანტებისთვის შენდება სოციალური სახლები რაიონებში, იმისათვის რომ სოფლები არ დაიცალოს. სწორედ სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისა და ეკონომიური მდგომაროების გაუმჯობესებისათვის 2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით ძალაში შედის უპრეცედენტო მთის კანონი, რომელიც უამრავ შეღავათსა და სარგებელს მოუტანს მთაში დაბრუნებულ მოქალაქეებს.
სოციალურად დაუცველებს ეძლევათ კანონით გათვალისწინმებული სოციალური დახმარებები და შემწეობები, ასევე სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამის პროგრამებში მონაწილეობის საშუალება, რომ ხალხი დასაქმდეს და მათი ყოფითი პირობები გაუმჯობესდეს.
ჩვენი კომისიის რეკომენდაციაა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ე.წ "ოცნების ქალაქის" მაცხოვრებლებისათვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. (ამისათვის გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს).
მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ არაერთი შეხვედრა გამართა არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, თვითნებურად შესახლებულთა გამოსახლებაზე.
მთავრობა ვერ დაუშვებს პრეცედენტს და არ დაუკანონებს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიის ტერიტორიებს".
როგორ ხვდებიან ახალ წელს "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ბავშვები და რას თხოვენ ისინი თოვლის ბაბუას, "გურია ნიუსის" რეპორტაჟიდან მოგვიანებით გაიგებთ.































































