"ყვავილებსა და თევზებს შორის განაწილებული სითბო, რომელიც სამყაროს სიყვარულით გამოიცემა, ყველა ადამიანის ბუნებაში არსებობს, უბრალოდ, მას ღია სამყაროში მეტად გადმონაცვლება სჭირდება, რომ ადამიანებს მეტი სასიამოვნო განწყობა მიანიჭოს, რათა უკეთ აკეთოს საყვარელი საქმე, დაიხარჯოს სასიკეთოდ და სამოყვროდ", _ ასე ამბობს ჩვენი მასპინძელი მაია თანდილაშვილი.
მაია თანდილაშვილი და მისი მეუღლე თენგიზ ქუტიძე, ოზურგეთში, წულუკიძის ქუჩაზე ცხოვრობენ და ქვეყნისა და ხალხისთვის ერთ ღირსეულ ოჯახს წარმოადგენენ. მათი ეზო-გარემო განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევა. სახლის ღია აივანს ვარდების თაღი ამშვენებს, რომლის მიღმა მომღიმარი ქალბატონი გვეგებება, კიბეებზე ჩამოდის და კოპწია ბაღად ქცეულ ეზოში საკუთარ ნამუშევარს გვაჩვენებს.
აქ, პირველ რიგში, თვალში მოგხვდებათ, თუ როგორ შეიძლება უბრალო მინდვრის ბალახი აქციო დეკორატიული გაზონების მიკრო-ღობედ და ბილიკების შედგენა-დაყოფის მწვანე ხაზი სიმეტრიით განალაგო. ზამბახები, ტიტები, ივანდა-მარია, გვირილები ღიმილით გვეგებება, ხოლო აზალიების თეთრ-წითელი ნათების სეზონი ეს-ესაა დასრულდა, თუმცა ბუჩქებად შეკრული, საკუთარი დგომით, ამაყ იერს აძლევს გარემოს.
პატარა წალკოტს და მთელ კარმიდამოს ზემოდან დაჰყურებს ასწლოვანი მსხლის ხე და უფრო ფიქრების საჩრდილობლად აფენია პატარა წალკოტში მსხდომთ თუ მოსეირნეებს.
_ თუ ჩემში არსებობს ენერგია და სასიცოცხლო მამოძრავებელი განწყობა, შემქმნელი ეს გარემოა. გაცილებით უფრო ადრე, ჩემმა არაჩვეულებრივმა დედამთილმა და ასეთივე მამამთილმა, ჩემში გაორმაგებულად გააღვიძეს ბუნების, მზის, მიწის, ყვავილის სიყვარული. მათი ადამიანური ურთიერთობა ჩემთან თუ სხვებთან, სამაგალითო იყო და მშობლებში არ ვარჩევდი, _ გვეუბნება ქალბატონი მაია და მართლაც, ღიად იგრძნობა ტრადიციული ოჯახის მაღალი შეგნების გამოვლინება.
ეზოს ყვავილებს ოთახის ყვავილების აღლუმი ენაცვლება _ მსუქანას (ფულის ხე) ცენტრალური ადგილი უჭირავს და ამაყი სიმორცხვით "უყურებს" ირგვლივ მყოფ სხვა ყვავილებს. ხვიარებს კედლებზე ბილიკები თავად უპოვიათ და ცოცხალი ფარდაგად ქცეულან.
კითხვაზე, რომელი ყვავილი უყვარს ყველაზე ძალიან და აპირებს თუ არა ამ კუთხით რაიმე ბიზნესის წამოწყებას, მაია თანდილაშვილი გვეუბნება, რომ ოღონდ ყვავილი იყოს და სილამაზეც წინ გაქვს, ყვავილების გარჩევა არასდროს მიცდიაო. რაც შეეხება ბიზნესს, ესეც არ წარმოუდგენია, უბრალოდ, ყველა ყვავილში ღვთიურ სილამაზეს ხედავს და სურს, ყველა სახლის წინ ჰყვაოდეს პატარა ზღაპრული წალკოტი, რაც ადამიანებს მეტ სითბოს, დიდ დადებით ენერგიას მიანიჭებს და მარტო გარემოს კი არა, ადამიანის სულს სილამაზის ახალ ნიშნულზე აიყვანს.
სახლის ინტერიერს ოთახის თევზების აკვარიუმი ამშვენებს. აქ უკვე ოჯახის კაცი _ თენგიზ ქუტიძე ლიდერობს. აკვარიუმის გაფორმებით და შიგ სხვადასხვა დეკორაციების ჩასმით, თევზის ხასიათთან მორგებით, ყველაფერი თვითონ გააკეთა.
_ ჩემი ქმრის დილა თევზებით იწყება, მე კი გაცისკრებისას ბაღში ვარ. ვრწყავ, ვასუფთავებ, ბილიკებს დავივლი და უკან, სახლში მთელი დღის სამყოფი ენერგიით ავდივარ. მინდა კიდევ უფრო ნაირფერი გავხადო ჩვენი ბაღი. თევზებთან და ყვავილებთან დილაადრიანი სტუმრობა განწყობის სათავეა _ მე ასე მივიჩნევ. ერთხელ წავიკითხე, ლამაზად მოწყობილი ეზოების კონკურსი რომ გამოცხადდეს, კარგი იქნებაო. ლამაზი იდეაა _ ესთეტიურ სამყაროში სიძულვილი და გაუტანლობა ნაკლებად მოიკიდებს ფეხს, მე ასე მჯერა და სხვისი არ ვიცი. პატარა წალკოტი თუ გაქვს და დილაადრიან ჩახვალ იქ, მთელი დღის სამყოფ ენერგიას მოგიძღვნის დედაბუნება, _ გვეუბნება ქალბატონი მაია.
მაია თანდილაშვილს და თენგიზ ქუტიძეს ორი ქალიშვილი ჰყავთ _ ნინო და მარიამი. ერთი ეკონომისტია, მეორე _ ექიმი და წარმატებული საქმიანობით დგანან ქვეყნის სამსახურში. როცა შინ ჩამოვლენ, მშობლების პატარა წალკოტთან სხვა განცდა ეუფლებათ და მათი ფოტოობიექტივიდან სოციალურ ქსელში ინაცვლებენ ბაღის ხედები, პალიტრის ფერებით.
თუმცა, ქალბატონ მაიას მხოლოდ ცოცხალი ყვავილები უყვარს და ფოტოების მიმართ შედარებით გულგრილია. რატომ, ამაზე ასეთი პასუხი აქვს: _ მხოლოდ ნამდვილ ყვავილს შეუძლია ბუნების ნაწილი გაგხადოს, გაგამდიდროს ხალისიანი განწყობით და ეს ადამიანებთან ურთიერთობისთვის დიდი დამხმარე საშუალებაა! რაც შეიძლება მეტად უნდა გახდეს ყვავილი ჩვენი სულის ნაწილი, რადგან ასე სულსა და გულს სილამაზისა და სითბოს მარაგი ულევად ექნება!