სანოძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ცოლისძმას კარგად იცნობს და გამორიცხავს, რომ ჩანაწერი, რომლითაც სურმავა “ქართული ოცნების” წევრებს ამხელს, ძალდატანებით არის გაკეთებული:
_ ბესო ხონში არ დაუკავებიათ. დააკავეს თბილისში და ხონში საიდან აღმოჩნდა, არ ვიცით.
_ ხონში ნამდვილად ჩამოიყვანეს?
_ გვითხრეს, რომ ხონში ჰყავდათ და იქ გააკეთეს ჩანაწერები.
_ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?
_ საქმის კურსში არ ვარ საერთოდ. ჯერ ის ხმა, რომელსაც მოვუსმინეთ მისი არ იყო. საერთოდ, მისი გამოცდილების ადამიანი მისი ნებით არ მიდის იქ მისი მდგომარეობის გამო.
_ მდგომარეობაში რას გულისხმობთ?
_ საკმაოდ გამოცდილია იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობს. დაწყებული სახელმწიფო დაცვიდან, დამთავრებული ბატონი ბიძინას დაცვამდე. ათი წელია, ბატონ ბიძინასთან მუშაობს, ერთგულია, ვაჟკაცია და მისი ნებით არ მივიდოდა და ვითომდა ჩანაწერებს არ მიიტანდა. ამას მისი პიროვნებიდან, ხასიათიდან და ჩვეულებიდან გამომდინარე გეუბნებით.
_ ხმა ახსენეთ. რას ეჭვობთ?
_ ვფიქრობთ, რომ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. კარგად ვიცნობ, ცოლისძმაა და ენის მოძრაობა, გამომეტყველება… ძალიან ბუნდოვანი სურათია. სავარაუდოდ, ეს გაკეთდა ჩვენ შესაშინებლად და პირველ რიგში, ბატონი ბიძინასთვის ჩრდილის მისაყენებლად. ხონში საკმაოდ კარგი პოზიციები გვქონდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამისთვის გააკეთეს.
_ ბატონო ნიკა, პირად თუ გადაამოწმეთ ცოლისძის ადგილსამყოფელი და რის საფუძველზე ამბობს, რომ ხონში ჰყავდათ?
_ მე პირადად არ ვყოფილვარ. შეხვედრები მქონდა მაღალმთიან სოფლებში, როცა ტელეფონით მაცნობეს ეს ამბავი. ჩვენ, სანდო წყარომ გვაცნობა, რომ ხონში ჰყავდათ. დილიდანვე. ხონში პოლიციის პიკაპების მობილიზება შეიმჩნეოდა. თანაც ადგილობრივი პოლიციელები არ იყვნენ. ვფიქრობდით, რომ ეს საარჩევნოდ ხდებოდა და უბნებს აკონტროლებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი რაოდენობა გაზრდილი ჩემი ცოლის ძმის გამო იყო.
_ როგორ ფიქრობთ, ხონის პოლიციაში რატომ მიიყვანეს?
_ ბესო ხონელია, აქ დაბადებული, გაზრდილი. დედამისი ახლაც ხონში ცხოვრობს. ალბათ, რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული.